ივლისი 03, 2015 18:07

კომისიამ ვალდებულებების შეუსრულობლობის გამო შპს „რ.ბ.ჯ“-ს წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რ.ბ.ჯ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში როგორც მაუწყებლების, ასევე მულტიპლექს ოპერატორების,  მათ შორის შპს „სტერეო +“-ის მონიტორინგის  დროს გაარკვია, რომ შპს „სტერეო +“-ის მულტიპლექსორში ჩართული იყო შპს „რ.ბ.ჯ“. (ტელეკომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობაზე ავტორიზაცია 2015 წლის 5 მარტს გაიარა). ტელეკომპანია გადასცემდა რუსულენოვან პროგრამებს, რუსეთის სახელმწიფო არხის (ОРТ) ლოგოთი და წარწერით -  „Грузия“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, მაუწყებლობის დაწყებამდე ათი დღით ადრე ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ყოველკვირეულად გამოქვეყნოს და კომისიას წარმოუდგინოს სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამების განრიგი.

შპს „რ.ბ.ჯ“-ს კანონით განსაზღვრული ზემოთხსენებული ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც დაეკისრა სანქცია - წერილობითი გაფრთხილება, ასევე კომპანიას დაევალა მაუწყებლობის განახლებამდე ათი სამუშაო დღით ადრე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები