ივნისი 30, 2015 20:24

კომისიამ ვალდებულებების შეუსრულობლობის გამო შპს „რ.ბ.ჯ“-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში როგორც მაუწყებლების, ასევე მულტიპლექს ოპერატორების,  მათ შორის შპს „სტერეო +“-ის, მონიტორინგს ახორციელებს.

მონიტორინგის  დროს გაირკვა, რომ შპს „სტერეო +“-ის მულტიპლექსორში ჩართულია შპს „რ.ბ.ჯ“. (ტელეკომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობაზე ავტორიზაცია 2015 წლის 5 მარტს გაიარა). ტელეკომპანია გადასცემს რუსულენოვან პროგრამებს, რუსეთის სახელმწიფო არხის (ОРТ) ლოგოთი და წარწერით -  „Грузия“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, მაუწყებლობის დაწყებამდე ათი დღით ადრე ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ამავე კანონის შესაბამისად, ყველა მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოქვეყნოს და კომისიას წარმოუდგინონ სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამების განრიგი.

შპს „რ.ბ.ჯ“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ზემოთხსენებული ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. საჯარო სხდომა, საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2015 წლის 3 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება.

ინფორმაცია აღნიშნული ადმინისტარციული წარმოების თაობაზე შპს „რ.ბ.ჯ“-ს გაეგზავნა ოფიციალური ფოსტის, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დამატებით, ცნობა საკითხის განხილვის თაობაზე, სხდომის გამართვის მისამართის, თარიღის და დროის შესახებ ქვეყნდება საჯაროდ.

გარდა ამისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო+“-ს წერილობით უკვე აცნობა, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება  და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პრევენციულად თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე იმისათვის რომ არ დადგეს შპს „სტერეო +“-ის, როგორც მულტიპლექსპლატფორმის მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხიც, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, შპს „რ.ბ.ჯ“–ს მიერ მოწოდებული სიგნალის გავრცელების შეზღუდვა მოსთხოვა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები