მარტი 27, 2014 2:10

კომისიაში ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2014 წლის 31 მარტს 16:00 საათზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურს გამოაცხადებს.  კონკურსზე კომისია ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის (შემდგომში მულტიპლექს პლატფორმა)  ფორმირებისათვის საჭირო სიხშირული რესურს გამოიტანს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსი საჯარო ადმინისტარციული წარმოების წესით წარიმართება და კომისია თავისი გადაწყვეტილებით საკონკურსო პირობებს განსაზღვრავს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში  სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სპეციფიკაციის, ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის მქონე  (470-694 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში), ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების (შემდგომში მულტიპლექს პლატფორმა)  ფორმირებისათვის საჭირო სიხშირული რესურსის დაგეგმარება განხორციელდა. ასევე, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე დაყრდნობით,   ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსების“ დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი შემუშავდა. ამავე დროს, ციფრული სამაუწყებლო ქსელების „ოპერირების წესები“ ჩამოყალიბდა და კონკურსის  მონაწილეების მხარდასაჭერად, შემუშავდა დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ეროვნული (არანაკლებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალოგური საეთერო ქსელის)  დაფარვის მქონე ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის  სავარაუდო დაგეგმარებას,   ხარჯების გაანგარიშების სავარაუდო მოდელს და ქსელისა და მომსახურების  ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტების დახმარებით მოხდა კონკურსზე გამოსატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების საწყისი საფასურის დადგენა და კონკურსში მონაწილე პირების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფაშების მეთოდოლოგიის შემუშავება.

ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ასევე მაუწყებლების და მედიის წარმომადგენლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეტალურად იქნა განხილული ყველა ზემოთ ხსენებული საკითხი.

2014 წლის 31 მარტს 10:00 საათზე კი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ორგანიზებით, სასტუმროში - „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი, 4), საკონკურსო წინადადების უფრო მაშტაბური პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიებას დაესწრება, როგორც ადგილობრივ დონეზე ყველა დაინტერესებული პირი, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოება, ასევე, მაუწყებლები და საერთაშორისო დონეზე პოტენციური ინვესტორები.

ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარმოადგინოს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები