მარტი 31, 2014

კომისიაში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად კონკურსი გამოაცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსზე ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის (შემდგომში მულტიპლექს პლატფორმა)  ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიაა გამოტანილი.

კონკურსზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხუთი ლიცენზიიდან, ორი MUX-A და MUX-B მულტიპლექს პლატფორმების შესაბამისი სიხშირული რესურსი გაიცემა მხოლოდ ღია საეთერო მაუწყებლობისთვის. ორივე ლიცენზია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის გავრცელებას უზრუნველყოფს.

MUX - A - მულტიპლექს პლატფორმა განსაზღვრულია ქვეყნის მაშტაბით ეროვნული მაუწყებლობის გავრცელებისთვის. ამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ასევე, შესაძლებელია 20 გეოგრაფიულ ერთეულში (head end), სხვადასხვა ადგილობრივი მაუწყებლობის გავრცელებაც.

MUX - B  - მულტიპლექს პლატფორმა ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა და განსაზღვრულია უფრო მეტად ქვეყნის მაშტაბით ეროვნული მაუწყებლობის გავრცელებისთვის.

გარდა ამისა, კომისიამ კონკურსზე კიდევ სამი მულტიპლექს პლატფორმის ქსელის უზრუნველსაყოფად საჭირო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის (1. 2. 3.) ლიცენზია გამოიტანა. სამივე ლიცენზია ასევე ეროვნულ დონეზე დაფარვის შესაძლებლობას იძლევა და განსაზღვრულია სამაუწყებლო სიგნალის გასავრცელებლად, როგორც ღია ეთერში, ასევე კომერციული მიზნებისთვის (Pay TV).

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხუთი ლიცენზია კონკურსზე ათ ლოტად არის გამოტანილი:

□ A+0         □ B+0         □A+B+0 □ A+1         □ B+1         □A+B+1 □ A+2         □ B+2         □A+B+2      □ A+B+3

პოტენციურმა კონკურსანტმა განაცხადს თითოეულ ლოტზე  ცალ-ცალკე საკონკურსო წინადადება უნდა დაურთოს. ერთ კონკურსანტს სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვს საკონკურსო წინადადება ერთზე მეტ ლოტზე, თუნდაც ათივე ლოტზე წარმოადგინოს, თუმცა  თითოელ ლოტზე  საკონკურსო წინადადება ცალ-ცალკე უნდა იქნას დალუქულ მდგომარეობაში წარმოადგენილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ მდგომარეობაში:

·         საიდენტიფიკაციო მონაცემები;

·          ხუთი ლიცენზიისგან ფორმირებული ათი დასაშვები კომბინაციიდან მონიშნული ლოტი;

·          ამ ლოტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის შემოთავაზებული მაქსიმალური საფასური ეროვნულ ვალუტაში;

·         MUX - A - მულტიპლექს პლათფორმის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე მაუწყებლის გავრცელების მომსახურებისთვის შეთავაზებული ყოველთვიური ზედა (მაქსიმალური) ზღვრული ტარიფი ეროვნულ ვალუტაში;

·         MUX - B - მულტიპლექს პლათფორმის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე მაუწყებლის გავრცელების მომსახურებისთვის შეთავაზებული ყოველთვიური ზედა (მაქსიმალური) ზღვრული ტარიფი ეროვნულ ვალუტაში;

·         მოქმედ ეროვნულ ტელემაუწყებელთან ან ტელემაუწყებლებთან გავრცელების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება;

·         ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკური წინადადება (უპირველეს ყოვლისა MUX-A და MUX-B მულტიპლექს პლატფორმების ფორმირებისთვის განსახორციელებელ სამუშაოთა ყოველთვიური დეტალური გეგმა);

·         ქსელის აგების სავარაუდო გეგმა, 42 ძირითადი გადამცემის სავარაუდო ადგილი (საიტები);

·         სადისტრიბუციო ქსელის სავარაუდო მოდელის შესახებ ინფორმაცია;

·         ინფორმაცია კაპიტალური და საოპერაციო სავარაუდო ხარჯების შესახებ;

·         ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

·         2015 წლის 17 ივნისამდე საბანკო გარანტია 500 000 ლარზე ან მის ექვივალეტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში.

გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 2 მაისს 19:00 საათამდე იწარმოებს. მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება, 2014  წლის 7 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2014 წლის 9 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2014  წლის 10 ივნისს  13:00 საათზე ჩატარდება.

კონკურსში გამარჯვებულ პირს/პირებს სალიცენზიო პირობად ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობის ქსელთან დაშვების და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით მომსახურების  ვალდებულება დაეკისრება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

http://gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=115143

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები