წვდომის მენიუ

ივლისი 27, 2016 13:44

კომისიაში .გე დომენის ადმინისტრატორსა და საქართველოში ჰოსტინგით მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში .გე დომენის ადმინისტრატორს -  საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრსა (ITDC) - და საქართველოში ჰოსტინგით  მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში ახალი, ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელის დანერგვის დაანონსება და .გე ზონაში დომენური სახელების პოტენციური რეგისტრატორებისათვის რეგისტრაციის წესებისა და პირობების გაცნობა.

ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელი გულისხმობს იმას, რომ აბონენტი (რეგისტრანტი) სასურველი დომენური სახელის დარეგისტრირებას განახორციელებს არა უშუალოდ ადმინისტრატორთან, არამედ რეგისტრატორების მეშვეობით. აღნიშნული მოდელი რეკომენდებულია ICANN-ის (მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია) მიერ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს. ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელი ხელს უწყობს ყველა რეგისტრატორის ერთნაირ პირობებში ჩაყენებას, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ბაზრის უკეთ განვითარების მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე ისაუბრეს. კომპანიების - “პროსერვისისა“ და „გრენას“ წარმომადგენლებმა .გე დომენის ზონაში რეგისტრატორობის სურვილი გამოთქვეს.

ქვეყანასთან ასოცირებული ეროვნული ზედა დონის დომენი .გე საქართველოს მოენიჭა მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის მიერ. .გე დომენის ადმინისტრატორია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებათა ცენტრი (ITDC).

.გე დომენის ზონაში ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების გამოყენება 2016 წლის შემოდგომიდან გახდება შესაძლებელი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები