სექტემბერი 05, 2013

კომისიაში „Inmarsat Global Xpress“-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საერთაშორისოდ აღიარებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის „Inmarsat Global Xpress“-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს.

„Inmarsat Global Xpress“ საქმიანობას ახორციელებს თანამგზავრული სისტემების გამოყენებით გლობალური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიით მონაცემთა გადაცემის ძალიან  მაღალი სიჩქარის მომსახურების სფეროში. კომპანია აწარმოებს სამუშაოებს ახალი მეხუთე თაობის (გენერაციის) სამი გეოსტაციონარული თანამზავრული ქსელის დაფუძნებაზე. ტექნიკურ სამუშაობში ჩართულია კომპანია Boeing-ც. „Inmarsat Global Xpress“ პირველი თანამგზავრული სადგურის გაშვებას 2013 წელს გეგმავს, 2014 წლის ბოლომდე კი ქსელის გლობალური დაფარვის სამუშაოები დასრულდება. პროექტის ღირებულებას 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგენს.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ „Inmarsat Global Xpress“  სისტემა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან 50 მგბტ/წმ სიჩქარით ქსელში დაშვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ამ სისტემის პოტენციური მომხმარებლები იქნებიან საზღვაო-სანაოსნო-საჰაერო  სექტორი და  სახელმწიფო სტრუქტურები, გარდა ამისა,  თანამგზავრული კავშირი შესაძლებელი იქნება განხორციელდეს სახმელეთო ფიქსირებული და მობილური მომსახურებისთვის  პორტატული მოწყობილობების გამოყენებით.

შეხვედრის მიმდინარეობისას „Inmarsat Global Xpress“ ქსელის მომსახურების  საქართველოში დანერგვის ტექნიკური და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ იყო საუბარი. სტუმრები საქართველოს კანონმდებლობას გაეცნენ და ასევე, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზრის შესახებ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები