აგვისტო 02, 2012

კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

1 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა. არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახი ყურაშვილმა, თბილისში მოქმედ საკაბელო ოპერატორებს კანონით დადგენილი ვალდებულებები კიდევ ერთხელ გააცნო. მისი თქმით, 1 აგვისტოდან უკვე ამოქმედდა ე.წ Must Carry–ის პრინციპი და ტელეკომპანიებს უკვე შეუძლიათ მიმართონ საკაბელო ტრანზიტორებს და მიაწოდონ მათ სიგნალი, რის შემდეგაც საკაბელო კომპანიებს სავალდებულო არხების ჩართვის ვალდებულება დაეკისრებათ.

კახი ყურაშვილის განცხადებით, კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ხელმისაწვდომია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების ფაქტობრივი და იურიდიული მისამართების და სხვა მონაცემების დაზუსტებული სია. აღნიშნული მონაცემები გაუადვილებს მაუწყებლებს მიმართონ თითოეულ ავტორიზებულ პირს.

მომდევნო შეხვედრა კომისიაში 2 აგვისტოს, რეგიონებში მოქმედ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან გაიმართება (16:00 სთ–ზე). დღესვე კომისია ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ტელეკომპანიებს შეხვდება (18:00 სთ–ზე).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები