ნოემბერი 03, 2015 12:24

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი სერგო შავგულიძე ITU-R SG5 თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  სერგო შავგულიძე ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო გაერთიანების  რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (ITU-R SG5) თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

არჩევნები შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში  ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო გაერთიანების (ITU) მიერ ორგანიზებული რადიოკომუნიკაციის მსოფლიო ასამბლეის (RA-2015) ფარგლებში გაიმართა. ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას სერგო შავგულიძე ხელმძღვანელობს.

ITU-R-ის შემსწავლელი ჯგუფები ფორმირდება რადიოკომუნიკაციის მსოფლიო ასამბლეებზე და ისინი ასამბლეებს შორის პერიოდში ფუნქციონირებენ, მათი დანიშნულებაა შეიმუშაონ რეკომენდაციების პროექტები, რომლებიც შემდგომში განიხილება და მტკიცდება  ITU-ს წევრი  ქვეყნების მიერ. ITU-R SG5 ჯგუფი შეისწავლის სისტემებსა და ქსელებს ფიქსირებული, მობილური, რადიოდეტერმინაციის,  სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურებისათვის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ულოცავს ბატონ სერგო შავგულიძეს საპატიო პოსტზე არჩევას და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ITU-ს არჩევად ორგანოებში  საქართველოს წარმომადგენლის არჩევის პირველი შემთხვევაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები