ნოემბერი 16, 2012

კომისიის აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესახებ ეჭვების გასაფანტად...

 

ბოლო პერიოდში სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიების ეთერში არაერთხელ გაიჟღერა ბატონ დავით ზილფიმიანის მოსაზრებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტში მომუშავე პერსონალის ძალზე დაბალი კვალიფიკაციის შესახებ. ჩვენ გთავაზობთ, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის ბიოგრაფიულ მონაცემებს. დასკვნების გაკეთება მკითხველისთვის მიგვინდია.

სერგო შავგულიძემ 1975 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ.თბილისის 62-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. 1980 წელს მან წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი და მიენიჭა ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინრის კვალიფიკაცია. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ის გახლდათ სახელობითი (ლენინური) სტიპენდიანტი. 1984 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტში, ხოლო 1991 წელს - სადოქტორო დისერტაცია საბჭოთა კავშირის  მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის გადაცემის პრობლემათა ინსტიტუტში. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეს ინსტიტუტი წარმოადგენს ძალზე პრესტიჟულ და უმაღლესი დონის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. 1993 წელს ს. შავგულიძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1995 წელს ს. შავგულიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსა და დღემდე ხელმძღვანელობს ”ციფრული კავშირის თეორიის” კათედრას (ამჟამად მიმართულებას). 1997-1999 წლებში ის იყო ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი. იგი 2006 წელს დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ პირველ საგრანტო კონკურსში საინოვაციო ტექნოლოგიების სფეროში საუკეთესო პროექტის წარდგენისათვის. 2006-2010 წლებში ის იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - აკადემიური საბჭოს წევრი. 2007 წლიდან დღემდე ის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან არსებული დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე. ს. შავგულიძე კონკურსის წესით არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობაზე.

ს. შავგულიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს ინფორმაციის თეორია, ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორია და მოდულაცია-კოდირების სისტემები. მის მიერ შექმნილი სიგნალურ-კოდური კონსტრუქციები თავისი მაჩვენებლებით (ვიწრო სიხშირული სპექტრი, გაზრდილი ხელშეშლამდგრადობა, მინიმალური ენერგეტიკული დანახარჯები და რეალიზაციის მცირე სირთულე) უზრუნველყოფენ მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ მაჩვენებლებზე მაღალ დონეს. მას გამოქვეყნებული აქვს 140-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში, როგორებიცაა IEEE Transactions on Information Theory (აშშ), IEEE Transactions on Communications (აშშ), IEEE Journal on Selected Areas in Communications (აშშ), European Transactions on Telecommunications (იტალია), IEE Proceedings-Communications (დიდი ბრიტანეთი),  IEE Electronics Letters (დიდი ბრიტანეთი), AEÜ International Journal of Electronics and Communications (გერმანია), Проблемы передачи информации АН России, Автоматика и Телемеханика (Россия) და სხვა. ამავე და სხვა ჟურნალებში არსებობს უამრავი ციტირება ს. შავგულიძის გამოქვეყნებულ შრომებზე. ს. შავგულიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მუშაობაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, ლატვიაში, სომხეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, შვეციაში, იაპონიაში, სლოვაკეთში, გერმანიაში, ბულგარეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში.

ს შავგულიძის მიერ (რუს კოლეგასთან ვ. ზიაბლოვთან ერთად) შექმნილია განზოგადებული ხვევადი კასკადური კოდირების თეორია, რომელმაც შემდგომი ასახვა ჰპოვა მრავალი ქართველი თუ უცხოელი მეცნიერის შრომებში. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა ”ნაუკაში” 1991 წელს მათ გამოაქვეყნეს მონოგრაფია “Обобщенные каскадные помехоустойчивые конструкции на базе сверточных кодов“.  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული რეალიზაციის კუთხით გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით ცნობილმა ამერიკელმა პროფესორმა ჯეიმს მესიმ წიგნის ავტორებს შესთავაზა ინგლისურ ენაზე გამოექვეყნებინათ ე.წ. ”მიწვეული სტატია” (Invited Paper) - შესავალი განზოგადებულ კასკადურ კოდებში, რომელიც 1999 წელს გამოვიდა ევროპის წამყვან სატელეკომუნიკაციო ჟურნალში: European Transactions on Telecommunications.

1992-2012 წლებში ს. შავგულიძე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ლექციების ციკლის წასაკითხად მრავალჯერ იმყოფებოდა მიწვეულ პროფესორად გერმანიის დარმშტადტის, ულმის, ესენის და კონსტანცის, დანიის ლინგბიუს, შვეციის ლინჩოპინგის და ლუნდის, ინგლისის ლანკასტერის უნივერსიტეტებში, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 10-მდე სადოქტორო დისერტაცია, რაც აღნიშნულია ამ დისერტაციებში. მას მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის პრესტიჟული გრანტი, როგორებიცაა, DFG (გერმანია), DAAD (გერმანია), British Royal Society (დიდი ბრიტანეთი), Department of Trade and Industry (დიდი ბრიტანეთი), Royal Swedish Academy of Sciences (შვეცია). შედეგად ს. შავგულიძის ყოფილი უცხოელი დოქტორანტები დღეს წარმატებით მუშაობენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებსა თუ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებში. მაგალითისათვის, მისი ერთ-ერთი ყოფილი დოქტორანტი იურგენ ფროიდენბერგერი, დღეს თავად არის გერმანიის ქ. კონსტანცის უნივერსიტეტის პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი და, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ს. შავგულიძე სწორედ მისი მიწვევით იმყოფებოდა აღნიშნულ უმაღლეს დაწესებულებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ავტორები ხშირად იმეორებენ ს. შავგულიძის მიერ მიღებულ შედეგებს, მაგრამ ამას აკეთებენ 2-3 წლის დაგვიანებით. მაგალითისათვის, 1988 (ბულგარეთი, ვარნა), 1989 (შვეცია, გოტლანდი), 1991 (დიდი ბრიტანეთი, კრიფი) წლებში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებზე, ს. შავგულიძის მიერ პირადად იქნა წარმოდგენილი განზოგადებული კასკადური კოდირების კონკრეტული სქემა ყველა ტიპის კოსმოსურ და თანამგზავრულ კავშირის სისტემებში გამოსაყენებლად, ეს სქემა შესწავლილი იყო ს. შავგულიძის  სადოქტორო დისერტაციაში და მისი პრაქტიკული რეალიზაცია დაწყებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის კოსმოსურ სისტემაში ”რეგატა”. აღნიშნული სისტემა იძლეოდა დამატებით 0.7 - 0.8 დეციბელ ენერგეტიკულ მოგებას ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) და ჩრდილოეთ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) სტანდარტთან შედარებით. 1993 წლისათვის ზუსტად იდენტური კოდირების სქემა შესწავლილი და სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებული იქნა ამერიკულ ლაბორატორიაში (Jet Propulsion Laboratory) მომუშავე სპეციალისტების (ო. კოლინზი, მ. ჰიზლანი) მიერ, რომლებმაც მიუთითეს რა ს. შავგულიძის პირველი, პიონერული, 1988 წლის ნაშრომი, სამწუხაროდ ინფორმაციის უქონლობის, თუ სხვა მიზეზების გამო აღარ მოახდინეს ამ მიმართულებით მისი შემდგომი 1989 წლისა და 1991 წლის შრომების ციტირება. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ს. შავგულიძის მიერ შემუშავებული კასკადური კოდირების სისტემა შემდგომში წარმატებით იქნა  გამოყენებული ამერიკული კოსმოსური ხომალდის ”გალილეოს” ტელეკომუნიკაციით უზრუნველყოფის პროცესში პლანეტა იუპიტერის შესწავლისას.

1999 წელს ესპანეთის საინჟინრო გაერთიანების SAINCO-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვიდა წერილი, სადაც აღნიშნული იყო რომ სხვადასხვა ტიპის მოდულაციისა და კოდირების სისტემების ანალიზის შემდეგ მათ გადაწყვიტეს პრაქტიკაში დაენერგათ ამერიკული სამეცნიერო ჟურნალიდან ცნობილი ს. შავგულიძის ერთ-ერთი უწყევეტფაზიან კოდირებულ მოდულაციაზე დაფუძნებული სისტემა, რომლის იმპლემენტაცია მათ მოახდინეს ციფრულ სიგნალურ პროცესორზე (Texas Instruments TMS320C5402). როგორც მათი წერილიდან ირკვევა ექსპერიმენტალურმა კვლევებმა წარმატებით ჩაიარა და განხორციელებულია აღნიშნული სისტემის პრაქტიკული რეალიზაცია.

2007-2008 წლებში ს. შავგულიძე არჩეული იყო ნატო-ს ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის ”ინფორმაციისა და კომუნიკაციების უსაფრთხოება” ექსპერტად და წელიწადში ორჯერ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ჯგუფის შეხვედრებში (ბრიუსელი, ბელგია).  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან წარდგენილი იყო 4 კანდიდატურა (დარგებში ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკა, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, გარემოს უსაფრთხოება, ინფორმაციისა და კომუნიკაციების უსაფრთხოება), ნატო-ს შესაბამისი კომისიის მიერ ნატო-ს ექსპერტად არჩეული იქნა მხოლოდ ს. შავგულიძე.  ორწლიანი მისიის დასრულების შემდეგ, ნატო-დან მიღებულ წერილში ხაზგასმულია ქართველი ექსპერტის მაღალი პროფესიონალური დონე და გამოხატულია დიდი მადლიერება აღნიშნული პროგრამის მაღალი სამეცნიერო ხარისხის შენარჩუნებისათვის.

2004 წლის ნოემბრიდან ს. შავგულიძე მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: აშენდა და დაკომპლექტდა რეგიონალური გამოყენების 2 სტაციონარული რადიომონიტორინგის სადგური და 1 მობილური რადიომონიტორინგის სადგური, რომლებიც  საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს რადიოეთერი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (აღნიშნული სისტემა იმართება დისტანციურად, რაც მის გამოყენებას ხდის უფრო ოპერატიულს და მოქნილს); შეძენილ იქნა პროგრამული უზრუნველყოფები EDX და ICS Telecom რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება რადიოდაგეგმარება შესაბამის ციფრული რუკების გამოყენებით; შემუშავდა ”რადიოსიხშირეთა განაწილების ეროვნული გეგმა”; სისტემატიურად ხორციელდებოდა რადიოსიხშირული ზოლების სიხშირული საზღვრების დადგენა სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებისთვის (უსადენო ფართოზოლოვანი ქსელები,  რადიოსარელეო ხაზები,  რადიოსანავიგაციო და რადიოსალოკაციო სისტემები, თავდაცვის სისტემები); შეიქმნა ელექტრონული მონაცემთა ბაზები იერარქიული დაშვებით, სადაც თავს იყრის უკლებლივ ყველა რადიომონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, გაცემული ან გასაცემად დაგეგმილი რადიოსიხშირეები, ლიცენზიების და ორგანიზაციების ტექნიკური თუ სამართლებრივი ინფორმაცია და სხვა. ს. შავგულიძის უშუალო თანამონაწილეობით კომისიამ ასევე მოამზადა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკუთარი ხედვა, განახორციელა Geneva-06 გეგმით გათვალისწინებული სატელევიზიო არხების შესაბამისი სიხშირული მინიჭებებისთვის ტექნიკური პირობების განსაზღვრა და მათი დარეგისტრირება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების შესაბამის მონაცემთა ბაზებში, რათა მაუწყებლობის პროცესში უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო-სამართლებრივი დაცვა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები