იანვარი 30, 2014

კომისიის დებულებაში ცვლილებები შედის

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებები დაედო. კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამიტომ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რათა კომისიის თავმჯდმომარის არჩევის  პროცედურები განისაზღვროს.

მოგეხსენებათ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი რედაქციით კომისიის თავმჯდომარედ კომისიის ხუთი წევრიდან ერთ-ერთს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 27 თებერვალს გაიმართება. სხდომა საჯაროა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები