აგვისტო 31, 2015 16:32

კომისიის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად ჩატარდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩასატარებლად ტენდერს გამოაცხადებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტელემაუწყებლობაზე გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი და ტელემაუწყებლობა (ნებისმიერი ტექნოლოგიით) დაექვემდებარა ავტორიზაციას. რადიომაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემისას  კი შენარჩუნდა კონკურსის წესი.

ამავე კანონის შესაბამისად, კომისია ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზანია სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის და საზოგადოების მოთხოვნის დადგენა, რის მიხედვითაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის დროს იხელმძღავნელებს კომისია.

ტენდერის გამოცხადების თაობაზე და სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები