იანვარი 31, 2013

კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანის შვებულებასთან დაკავშირებით,  დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„საერთაშორის გამჭვირვალობა –საქართველოს“  მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირაკლი ჩიქოვანის არყოფნა ცალსახად უარყოფითად აისახება მარეგულირებელი ორგანოს გამართულ ფუნქციონირებასა და გადაწყვეტილებების მიღების შეუფერხებელ პროცესზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უწყება რამდენიმე გადამწყვეტ პროცესშია ჩართული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაა.“

გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფება საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ კუთვნილ შვებულებაში 2012 წლის 19 ნოემბრიდან და მისი არყოფნის პერიოდში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის ერთ–ერთი წევრი, კარლო კვიტაიშვილი.

კომისია კოლეგიალური ორგანოა და შედგება ხუთი დამოუკიდებელი წევრისგან. ხუთი დამოუკიდებელი წევრიდან კი ერთი წევრი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას. კომისიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საკმარისია სამი წევრის ადგილზე ყოფნა.

რაც შეეხება, კომისიის ფუნქციონირების შეფერხებას, გვინდა განვმარტოთ, რომ კომისია ჩვეულ რიტმში აგრძელებს საქმიანობას. მას შემდეგ რაც, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფება კუთვნილ შვებულებაში კომისიაში გაიმართა 31 სხდომა, ამ სხდომებზე საკითხების განხილვის შემდეგ 162 გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე მუდმივად ქვეყნდება განახლებული ინფორმაცია კომისიაში მიმდინარე თუ დაგეგმილი სხდომების შესახებ. ამჟამად, კომისიაში მიმდინარეობს სამაუწყებლო ლიცენზიათა მოსაპოვებლად კონკურსი საქართველოს 12 ადმინისტრაციულ ერთეულში, რადიოსიხშირული სპექტრით  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულია აუქციონი და მიმდინარეობს საბუთების მიღება. ასევე, კომისიაში იმართება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეგობარი ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებთან  შეხვედრები.

რაც შეეხება, ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, კომისიის აპარატის თანამშრომლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს ესწრებიან და ჩართულნი არიან თემატური სამუშაო ჯგუფებში.

კომისია არ ეთანხმება „საერთაშორის გამჭვირვალობა –საქართველოს“  განცხადების შინაარს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები