იანვარი 28, 2014

კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს ეხმიანება.

კომისიას რამდენიმე კომპანიამ მიმართა ანალოგურ რეჟიმში საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით. კომისიამ ყველა ლიცენზიის მაძიებელს დასაბუთებული პასუხი გასცა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში სხვადასხვა ვერსიები და მოსაზრებები გავრცელდა. რამაც სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით კომისიის პოზიციაზე საზოგადოების ნაწილში არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია.

აქედან გამომდინარე, გვინდა ვრცლად ვისაუბროთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რათა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს ანალოგურ რეჟიმში სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისგან თავის შეკავების შესახებ კომისიის პოზიცია.

საქართველო ITU (International Telecommunication Union)–ს წევრი ქვეყანა 1992 წელს გახდა და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტივების შესრულების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო. 2006 წელს  „ჟენევა–06“ გეგმით ITU (International Telecommunication Union)–მ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის განსაზღვრა ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო (Digital Terrestrial Television, DTT) მაუწყებლობაზე გადასვლის აუცილებლობა, თითოეული ქვეყანა დაიყო სამაუწყებლო ციფრულ ზონებად და თითოეულ ზონაში განისაზღვრა ციფრული სატელევიზიო არხების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საქართველოსათვის მოიცავს, როგორც იმ არხებს, რომელიც ამჟამად გამოიყენება მაუწყებლების მიერ ანალოგური სიგნალის გასავრცელებლად, ასევე - იმ თავისუფალ არხებს, რომელებიც ამჟამად არ არის დაკავებული ანალოგური მაუწყებლობის სიგნალით.

ნიშანდობლივია, რომ ანალოგური და ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო სიხშირული რესურსი, მაუწყებლობის ამ ორი სხვადსხვა ტექნოლოგიის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ემთხვევა ერთმანეთს. იმის გამო, რომ საქართველო და საქართველოს მეზობელი ქვეყნები ვალდებულნი არიან  (როგორც საკუთარი, ასევე მეზობელი ქვეყნების), ანალოგური სამაუწყებლო სიგნალი დაიცვან  ხელშეშლებისაგან  2015 წლის 17 ივნისამდე და ამავდროულად, უზრუნველყონ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს გარდამავალ ეტაპზე  ე.წ. ”Simulcast”-ის პერიოდში ანალოგური და ციფრული სამაუწყებლო სიგნალის პარალელურ რეჟიმში გავრცელებას, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა   მეზობელ სახელმწიფოებთან ანალოგური მაუწყებლობისათვის საჭირო სიხშირეების შეთანხმება; ასევე, საგრძნობლად გართულდა ციფრული მაუწყებლობისათვის იმ სიხშირეების შეთანხმება, რომლებიც არ არის განაწილებული „ჟენევა–06“ გეგმით შესაბამისი ქვეყნის  სამაუწყებლო ზონის ფარგლებში.

“Simulcast”-ი (პარალელურ რეჟიმში ციფრული და ანალოგური სიგნალის გავრცელება) თავის მხრივ, ასევე, რთულ პროცესს წარმოადგენს, რადგან მეზობელი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების გარეშეც კი საჭიროა ერთი ქვეყნის მასშტაბით არსებული სიხშირული რესურსის ფარგლებში სამაუწყებლო არხები განაწილდეს დაცვითი თანაფარდობის  შენარჩუნებით ისე, რომ გარდამავალ ეტაპზე არ მოხდეს  ციფრულ და ანალოგურ სამაუწყებლო სიგნალებს შორის ელექტრომაგნიტური თავსებადობის დარღვევა როგორც ერთი და იგივე სამაუწყებლო ზონის  ფარგლებში, ასევე მომიჯნავე  სამაუწყებლო ზონებს შორის. 

აქედან გამომდინარე, ITU–ს წევრმა  ქვეყნებმა შეწყვიტეს ანალოგური მაუწყებლობისათვის სიხშირული რესურსის განაწილება/გაცემა და დაიწყეს მათთვის განაწილებული  ციფრული სატელევიზიო არხების ფარგლებში იმ სიხშირეების დაგეგმარება და მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმება, რომლებიც უნდა გამოიყენონ გარდამავალ ეტაპზე ციფრული მაუწყებლობის დასანერგად.

საგულისხმოა, რომ ქვეყნის მასშტაბით ანალოგური  მაუწყებლობის სიგნალის საბოლოოდ გათიშვამდე (2015 წლის 17 ივნისამდე) ანალოგური მაუწყებლობისათვის ახალი არხების გამოყოფა და შესაბამისი სადგურების ტექნიკური პარამეტრების მეზობელ ქვეყნებთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეორიულად დავუშვებთ ამგვარ შესაძლებლობას, არ არის მიზანშეწონილი გარდამავალ ეტაპზე ციფრული მაუწყებლობისათვის გათვალისწინებული სიხშირული რესურსის შემცირება, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ისედაც დაგვიანებულ პროცესს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უმეტეს ქვეყნებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა განხორციელდა თავდაპირველი ე.წ. ტესტური ზონების მოწყობით, რისთვისაც აუცილებელია დამატებითი თავისუფალი სიხშირული რესურსი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, საგრძნობლად იზღუდება გარდამავალ (Simulcast-ის) პერიოდში.

ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატული პოზიცია აქვს ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რაც დასტურდება მათ მიერ 2013 წლის 26 აგვისტოს კომისიაში გამოგზავნილი №12/5942 წერილით, სადაც აღნიშნულია მიმდინარე პერიოდში ანალოგური საეთერო მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადებისა და რადიოსიხშირეთა გამოყოფის მიზანშეუწონლობა.

აქვე განვმარტავთ, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის  ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს”; შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის აუცილებელი საკანონმდებლო დოკუმენტი უნდა მომზადდეს სწორედ მთავრობის მიერ, რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი, რათა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეძლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორცილება.

რაც შეეხება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის საჭირო ნაბიჯებს,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელა „ჟენევა–06“ გეგმით საქართველოსთვის გამოყოფილი ციფრული სატელევიზიო არხების (გარდამავალი ეტაპისათვის) შესაბამისი სადგურების ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაცია და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) დარეგისტრირება. 

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სხვა სამთავრობო დაწესებულებები ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პროექტის ფარგლებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის  სტრატეგიის პროექტის დასრულების პროცესშია. კომისია აქტიურად არის ჩართული ამ სამუშაო პროცესშიც.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები