დეკემბერი 14, 2011

კომისიის განცხადება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "საქართველოს სარეკლამო  ბაზარის" შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება. ანგარიში ეხება როგორც სარეკლამო ბაზარს საქართველოში ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის  სახელფასო სარგოს.

გვინდა განვმარტოდ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქმიანობა 2000 წლის 1 ივლის დაიწყო და მას შემდეგ კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურების კოეფიციენტი არ შეცვლილა.

ასევე, კვლევაში საკმაოდ დიდი დრო დაეთმო ინტერესთა კონფლიქტის საკითხს. ავტორების აზრით, რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი ფლობს 35% წილს კომპანია „მაგი სტილი მედიაში“, ეს წინააღმდეგობაში მოდის მის დღევანდელ თანამდებობასთან. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკვე მერამდენედ უწევს განმარტებების მიცემა ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კომპანია „მაგი სტილი მედია“ საქმიანობას კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროში  არ ახორციელებს. კომპანია ამზადებს და ანთავსებს რეკლამას, რეკლამის დამზადება და განთავსება კი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფერო არ არის.

კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციები და მაუწყებლობა. შესაბამისად, უადგილოა საუბარი იმაზე, რომ ირაკლი ჩიქოვანს გააჩნია პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი კომისიის რეგულირების სფეროს მიმართ. გარდა ამისა, ინტერესთა კონფლიქტის საკითხი ირაკლი ჩიქოვანის თანამდებობაზე დანიშვნამდეც იყო შესწავლილი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები