ივნისი 08, 2012

კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს შპს „სტერეო+“ სანქცირებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია „სტერეო+“ ერთი მხრივ, გარკვეულ რადიოსიხშირულ სპექტრს ლიცენზიის გარეშე იყენებდა, მეორე მხრივ, ამავე სიხშირეების გამოყენებით კომპანია უკანონოდ ახორციელებდა სამაუწყებლო არხის საეთერო ტრანზიტულ მომსახურებას, კერძოდ, შპს „სტერეო+“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, „მეცხრე არხის“ სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფდა ღია ეთერში.

შპს „სტერეო+“–ის დირექტორის და დამფუძნებელის, დავით ზილფიმიანის განცხადებები, რომ სხვაგვარად (სალიცენზიო პირობების დარღვევის გარეშე) ამ მომსახურების გაწევას ვერ შეძლებდა,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის  მიზანმიმართულ მცდელობას რაწმოადგენს. ფიზიკოსი და პროფესორი, ზილფიმიანი კომისიაში გმართულ სხდომაზე აცხადებდა, რომ „სტერეო+“–ის მიზანი არ იყო ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სიგნალის ღია ეთერით გავრცელება და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე რადიოხაზებით მომსახურების განხორციელების თანმდევი აღმოუფხვრელი მოვლენაა. კომისია რეკომენდაციის სახით შპს „სტერეო+“–ს სთავაზობს პრობლემის გადაწყვეტის ერთ–ერთ საშუალებას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ შპს „სტერეო+“–ს შეუძლია თავისუფლად გააგრძელოს შპს „მეცხრე არხის“ რადიოხაზებით მომსახურება, როგორც ანალოგურ ასევე, ციფრულ ფორმატში ე. წ კოდირებული სიგნალის გაშვებით. რომელიც ხელმისაწვდომი არ იქნება ღია სამაუწყებლო ეთერში. ეს უამრტივესი გადაწყვეტილება დღის წესრიგიდან მოხსნის სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტს.

შეუძლებელია, ფიზიკის სპეციალისტს, ბ–ნ დავით ზილფიმიანს არ სცოდნოდა ამ ტექნიკური გადაწყვეტის შესახებ, რაც მის კომპანიას საშუალებას მისცემდა სალიცენზიო პირობების დარღვევის გარეშე განეხორციელებინა რადიოხაზებით მომსახურება. ყოველივე ეს იძლევა საფუძვლიანი ეჭვის საბაბს, რომ ბ–ნ დავით ზილფიმიანი შეგნებულად წავიდა კანონდარღვევაზე. რაც შეეხება გარკვეული სამაუწყებლო კომპანიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით. კომისია ყოველთვის მზად იყო, არის და იქნება მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში გაუწიოს ტექნიკური დახმარება ყველა დაინტერესებულ მაუწყებელს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „სტერეო+“–ისთვის არ აუკრძალავს NF13 ლიცენზიის გამოყენება. კომპანიას დაევალა საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში  მოქცევა. ასევე, შპს „სტერეო+“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გათვალისწინებულია მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო მაუწყებლობის ან ტრანზიტული მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის. ამ შემთხვევაში საერთოდ აზრს კარგავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა სიხშირული სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო საკონკურსო წესი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები