აგვისტო 10, 2012

კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია ეხმაურება 2012 წლის 9 აგვისტოს გაზეთ რეზონანში გამოქვეყნებულ  სტატიას: „მარეგულირებელი კომისია და „სილქნეტი“ „მაესტროს“ წინააღმდეგ“.

გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი პირდაპირ არ  განსაზღვრავს  მაუწყებლის სიგნალის საკაბელო ოპერატორის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფის განმახორციელებელ სუბიექტს, იგი მკაფიოდ მიუთითებს საკაბელო ოპერატორზე  დაკისრებული ვალდებულების შინაარსს და ფარგლებს: მაუწყებლობის ტრანზიტორი ვალდებულია საკუთარი მომხმარებლისათვის  შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საერთო მაუწყებელი, ანუ საკაბელო ოპერატორის ვალდებულება იწყება საკუთარი  ქსელიდან და გულისხმობს საერთო მაუწყებლის სიგნალის საკუთარ ქსელში გატარებასა და  შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში მის განთავსებას. აღნიშნული ვალდებულებითი ნორმა არ ითვალისწინებს საკაბელო ოპერატორის  ვალდებულებას, ზემოაღნიშნულთან ერთად უზრუნველყოს ყველა იმ მაუწყებლის სიგნალის საკუთარი ტექნიკური ჩართვის წერტილში მიტანა, რომელზეც ვრცელდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი.

 შესაბამისად, თუ მაუწყებელი, ამ შემთხვევაში შპს „სტუდია მაესტრო“  არ უზრუნვეყოფს სიგნალის მიწოდებას  სს „სილქნეტისთვის“, კომპანია მოკლებული იქნება შესაძლებლობას განახორციელოს სამაუწყებლო არხის საკუთარ ქსელში განთავსება და ბოლო მომხმარებლამდე (აბონენტამდე) მიტანა. აღნიშნული ტექნიკური გარემოებები ცნობილი იყო შპს „სტუდია მაესტროსათვის“ და მისი მხრიდან ამ საკითხის გაპრობლემებამ ხელი შეუშალა  ე.წ.  „must carry“ -ს დროულ იმპლემენტაციას.

 კომისიამ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი ე.წ. „must carry“-ს  პრინციპის სრული ამოქმედებისთვის. კომისიის მიერ,   საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შესრულების თაობაზე, არაერთხელ გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, როგორც საკაბელო, აგრეთვე სიხშირულ და სატელიტურ მაუწყებლებთან, რომ შეფერხების გარეშე აღსრულებულიყო კანონისმიერი ვალდებულებები. დამატებით ავღნიშნავთ, რომ შეხვედრები 2012 წლის 25 ივლისს დაიწყო,  და კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა; საქართველოს კომუნიკაციების ერონულ კომისიაში 3 აგვისტოდან  ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი 0800900 907 და 0800900908 საკაბელო ოპერატორებსა და საერთო მაუწყებლებს შორის კომუნიკაციების ხელშეწყობისა და სადავო საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით; წინასაარჩევნო კამპანიის  რეგულაციების დეტალურად განმარტების  მიზნით კომისია ყოველდღიურად აქვეყნებდა საჭირო ინფორმაციას კომისიის  ოფიციალურ ვებ გვერდზე; შესაბამისად, შპს „სტუდია მაესტროს“  სს „სილქნეტის“ ქსელში განთავსების ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად თავად შპს „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის  პოზიცია რჩებოდა,  რომელიც 1 აგვისტოდან დღემდე რამოდენიმეჯერ შეიცვალა.

 გაზეთ რეზონანში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, იმის გამო რომ  სს „სილქნეტმა“ 4 აგვისტომდე არ ჩართო შპს „ტელეკომპანია მაესტრო“, კომისიას, კანონის თანახმად, ჯერ გაფრთხილება უნდა მიეცა სს „სიქნეტისათვის“, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუკი ისევ  არ უზრუნვეყოფდა „მაესტროს“ სიგნალის გავრცელებას, თავად სს“ სილქნეტისათვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი უნდა დამდგარიყო. გვინდა განვმარტოთ რომ,    სს „სილქნეტი“ 4 აგვისტომდე ვერ  განათავსებდა   შპს  „სტუდია მაესტროს“  მხოლოდ იმიტომ რომ სატელეფონო კომუნიკაცია მათ შორის  2012 წლის 4 აგვისტოს შედგა;  დამატებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო  კოდექსი“ სანქციის სახით არ ითვალისწინებს ლიცენზიის ჩამორთმევას, კანონის 51-ე მუხლის მე-19 პუნქტში პირდაპრ არის მითითებული, რომ  ვალდებულების განმეორებით შეუსრულებლობა იწვევს საკაბელო ოპერატორის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას;            

ის, რომ  სს „სილქნეტი“ მზად იყო  შეესულებინა  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულება, კერძოდ, უზრუნველყო შპს “სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო არხის გატარება სს „სილქნეტის“ ქსელში და არხის  სამომხმარებლო პაკეტში განთავსება აბონენტებისათვის მიწოდების მიზნით, დადასტურებულია იმ ფაქტითაც, რომ   შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ სიგნალის მიტანისთანავე, სს „სილქნეტმა“ 2012 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით უზრუნველყო მასზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულების შესრულება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები