ოქტომბერი 03, 2014 17:27

კომისიის განმარტება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვებსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტავს:

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კომისიის რეგლამენტით ინტერნეტ სივრცეში აკრძალულია პორნოგრაფიის და სხვა დაუშვებელი პროდუქციის განთავსება.

ამავე რეგლამენტით, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პირი, ინტერნეტპროვაიდერი ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომსახურება, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ვებსივრცეში განთავსებულია დაუშვებელი პროდუქცია. ამავე დროს, ინტერნეტ-დომენის გამცემი (შპს „კავკასუს ონლაინი“) ვალდებულია პერიოდულად ამოწმოს მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტ-გვერდის შინაარსი, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება.

„ელქტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კომისიის რეგლამენტის დარღვევა სანქციის დაკისრების საფუძველია.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში პორნოგრაფიული მასალის განთავსებას, საქართველოს რატიფიცირებული აქვს „ბავშვის უფლებების კონვენციის“ დამატებითი ოქმი „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“, რომლის გათვალისწინებით პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება, ან გავრცელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255–ე მუხლის შესაბამისად დასჯადი ქმედება არის.

დამატებით საჭიროა აღინიშნოს, რომ კონკრეტული საქმის დეტალები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ამ ეტაპზე უცნობია. კომისია აღნიშნულ საკითხს შეისწავლის და კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები