ივნისი 08, 2012

კომისიის განმარტება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გუშინ ტელეკომპანია „მაესტროში“ თეა სიჭინავას საავტორო გადაცემა „არგუმენტების“ ეთერში, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებაზე განმარტებებს ავრცელებს.

ქ–ნ ნინო ჯანგირაშვილი პირდაპირ ეთერში შპს „სტერეო+“–სთან დაკავშირებით კომისიის ოპერატიულობაზე საუბრობდა, რა დროსაც განაცხადა, რომ როდესაც ტელეკომპანია „კავკასიას“ შეექმნა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების დროს ხელშეშლები, მაშინ მის კომპანიას დასჭირდა თვეები და უამრავი წერილის გაგზავნა, რათა კომისიას მოეხდინა რეაგირება.

გვინდა განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიიდან“ კომისიის არსებობის ისტორიაში მსგავსი შინაარსის წერილი მხოლოდ ერთხელ 2008 წლის ნოემბრში არის შემოსული, რაზედაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოახდინა რეაგირება. კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა საკითხი, აღმოაჩინა რომ, ტელეკომპანია „კავკასიის“ სიხშირეზე ხელშეშლებს ქმნიდა ერთ–ერთი საელჩოს დაზიანებული რადიოაპარატურის ფუნქციონირება, რის შედეგადაც კომისიამ საელჩოს მოსთხოვა დარღვევის აღმოფხვრა, ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიას“  წერილობით ეცნობა.

კომისიისთვის აბსოლუტურად გაუგებარია ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ქ–ნ ნინო ჯანგირაშვილის  დაუსაბუთებელი ბრალდებები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები