ოქტომბერი 15, 2012

კომისიის განმარტება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2012 წლის 12 ოქტომბერს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში, „ახალი 6“–ზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

 სიუჟეტში საუბარი იყო შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე და ასევე, ამ ლიცენზიის ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდისთვის“ გადაცემაზე.

ეთერში გასული მასალის შინაარსიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კომისია ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება და ამავე დროს აკმაყოფილებს სხვა კომპანიის მოთხოვნას სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2012 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ახალი სამაუწყებლო ლიცენზია არ გაუცია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად როდესაც ხდება მოქმედი სამაუწყებლო ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა, ანუ ლიცენზიის მფლობელის შეცვლა, სამაუწყებლო ლიცენზიის ძველი მფლობელი, ამ შემთხვევაში შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლიცენზიის მიღების მსურველი კომპანია, ანუ ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდი“, ვალდებულნი არიან ლიცენზიის გადაცემის შესახებ წინასწარი თანხმობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიიღონ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, თავის მხრივ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებაც არის მკაფიოდ განსაზღვრული. კომისია ვალდებულია შეისწავლოს საკითხი და სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილება არ გააჩნია ლიცენზიის გადაცემის შესხებ წინასწარ თანხმობაზე უარი უთხრას განმცხადებებლებს.

გვინდა დავამატოთ, რომ სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი შემდეგია:

1. თუ ლიცენზიის მფლობელი ხდება ადმინისტრაციულ ორგანო; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირი; პოლიტიკურ პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირი; იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

2. და ასევე, თუ პირი ფლობს იგივე სამაუწყებლო ზონებში კერძო საეთერო საეთერო მაუწყებლობის სხვა ლიცენზიას.

კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს აკმაყოფილებდა, სწორედ ამიტომ, კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემისთვის საჭირო წინასწარი თანხმობა დააკმაყოფილა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები