აპრილი 30, 2014

კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი განსაზღვრა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამის გამო, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში შევიდა ცვლილებები და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურები განისაზღვრა.

ცვლილებების თანახმად, კომისიის თავმჯდომარე არსებული შემადგენლობიდან სამი წლის ვადით აირჩევა. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  კომისიის გადაწყვეტილებით დაინიშნება. არჩევნები ჩატარდება ფარული კენჭისყრის გზით, თუმცა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა სრულად საჯარო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარეობის ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებზე ვერ მიიღო ხმების ის ოდენობა, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო, გაიმართება არჩევნების მეორე ტური, სარეიტინგო კენჭისყრის ფორმით. რეიტინგული კენჭისყრაც ფარული იქნება, თუმცა საარჩევნო პროცესის საჯაროობა ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება. არჩევნების მეორე ტურში თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, არჩევნები გამოცხადდება ჩაშლილად და კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

ამავე ცვლილებების თანახმად, კომისია  არჩევნების დანიშვნის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ქმნის ხმის დამთვლელ კომისიას, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით, ასევე განისაზღვრება არჩევნების ჩატარების ადგილი და თარიღი და საარჩევნო ბიულეტენის ტიპიური ფორმა.

დებულებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კომისიის წევრად დარჩეს.

ასევე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება, კომისიის სულ ცოტა ორ წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ექნება. კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარე თამანდებობიდან ვადამდე   გადააყენოს.

კომისიის დადგენილებაში ცვლილებები ძალაში შევა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები