მარტი 14, 2014

კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი ვერ იქნა მიღებული

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის დებულებაში, თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით, ცვლილებებისა და  დამატებების შეტანა, საკითხთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ვერ განახორციელა.

შეგახსენებთ,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამიტომ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რათა კომისიის თავმჯდმომარის არჩევის  პროცედურები განისაზღვროს.

2014 წლის 30 იანვარს კომისიის დებულებაში თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით დაწყებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა დღეს, 2014 წლის 14 მარტს იყო.

კომისიის წევრებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო,  სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, რადგან კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, აკაკი სიხარულიძემ კომისიის ოფიციალურ ვებგვრედზე გამოქვეყნებული პროექტისგან განსხვავებული პოზიცია, კომისიის თავმჯდომარის არჩევის  ფარული კენჭისყრა, დააყენა. მისი აზრით, ღია კენჭისყრის პროცედურის მიღება კანდიდატებს შორის ზეწოლის მექანიზმად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, მით უმეტეს, რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროში ყველა დონეზე (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი და თუნდაც საგანმანათლებლო სისტემაში) ფარული კენჭისყრის გზით ტარდება.

სათათბირო ოთახში საკითხის განხილვის შემდეგ სხდომაზე კომისიის სამი წევრი (აკაკი სიხარულიძე, სოფიო ბრიტანჩუკი და ირაკლი მოსეშვილი) დაბრუნდა. დებულებაში ცვლილებების შეტანას, იმ ფორმით, როგორც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დროს იყო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებული მხარი მხოლოდ სოფიო ბრიტანჩუკმა დაუჭირა. კომისიის წევრები აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი წინააღმდეგი წავიდნენ. კახი ბექაურმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამავე სხდომაზე, კომისიამ სამი წევრის შემადგენლობით (აკაკი სიხარულიძე, სოფიო ბრიტანჩუკი და ირაკლი მოსეშვილი) მიიღო გადაწყვეტილება ხელახლა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის დებულებაში, თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით, ცვლილებებისა და  დამატებების შეტანის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, 2014 წლის 14 აპრილს 16:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება. სხდომა ამჯერადაც საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები