მარტი 28, 2015 17:41

კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის პოზიცია IDFI-ს პუბლიკაციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია IDFI-ს პუბლიკაციის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის პოზიციას ავრცელებს:

 

„მედიაში IDFI-ს პუბლიკაციის იგვარი ინტერპრეტაცია მოხდა და ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს ამ ადრიან გაზაფხულს ნუში და ნეპოტიზმი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ერთად აყვავდა, რაც, თავისთავად, მცდარი და მიუღებელია.

 

  • არც ერთი პირი, რომელზეც გაკეთდა აქცენტი , არც ჩემი და არც რომელიმე კომისიის წევრის ნათესავი არ არის;
  • რატომღაც მედიაში არ დაზუსტებულა, რომ თითქმის ყველა მათგანი კომისიის აპარატში დასაქმდა მანამ, სანამ მოხდებოდა კომისიის წევრთა შემადგენლობის განახლება და კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა (თუმცა აქ კანონსაწინააღმდეგო არაფერია). ანუ არსებული მოცემულობა ჩვენ გვერგო მემკვიდრეობად. ამავე დროს, განვმარტავ, რომ მემკვიდრეობა კიდევ უფრო მძიმეა და გაცილებით შორს და ღრმად მიდის, რაც ასევე გასაანალიზებელი და გასათვალისწინებელია;
  • სწორედ იმიტომ, რომ მემკვიდრეობა არ მოგვწონს და აუცილებლად შესაცვლელია - კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა აპარატის ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციაზე, უახლოეს მომავალში დამტკიცდება ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. რეორგანიზაციის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის და საჯაროობის სრული დაცვით;
  • სწორედ იმიტომ რომ, მემკვიდრეობა არ მოგვწონს და შესაცვლელია, ჩვენ ვიზიარებთ IDFI-ს რეკომენდაციებს და არა თუ ვიზიარებთ, არამედ თავად გახლდით კონკრეტული წინადადებების ინიციატორი რამდენიმე თვის წინ გამართულ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე, რომელსაც IDFI-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ;
  • და ბოლოს - ვუხდი ბოდიშს ყველას, განსაკუთრებით ურიცხვ ახლობლებს და მეგობრებს, ვისი თხოვნაც (ასევე ურიცხვი) კომისიის აპარატში დასაქმების თაობაზე დღემდე ვერ თუ არ გავითვალისწინე და მომავალშიც ვერ გავითვალისწინებ, თუ მათი პროტეჟეების მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია არ დადასტურდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. „
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები