კომისიის წერილი საქართველოს პარლამენტს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წერილობითი განმარტება გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „სისტემ ნეტის“ ბრალდებებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ამ კომპანიების წერილობითი პრეტენზიების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2013 წლის 21 თებერვლის სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები მიიწვია. შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე კომიტეტის სხდომაზე გახმოვანებული ყველა საკითხის ამომწურავად განხილვა ვერ მოხერხდა, რის გამოც კომისიამ საქართველოს პარლამენტს წერილობითი ფორმით მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია.
გთავაზობთ, საქართველოს პარლამენტში გაგზავნილი წერილის ასლს და ასევე, ქვემოთ თანდართულ დოკუმენტში იხილეთ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „სისტემ ნეტის“ საჩივარი:
1. კომიტეტში წარმოდგენილ საჩივარში, საჩივრის ავტორები კომისიას ადანაშაულებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში. საჩივრის ავტორების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, როდესაც შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენლის ქალბატონი ხათუნა ინჯიას მხრიდან, ფაქტების დამახინჯებითა და არასწორი, ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ასევე კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ჩვენს იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი საქციელი გამოწვეული იყო ქალბატონი ხათუნას არაკომპეტენტურობით და არა განზრახი ქმედებით.
თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც გამყარებულია თანდართული მტკიცებულებებით:
კომისიის 2010 წლის 12 იანვრის N23/16 გადაწყვეტილებით, კომისიამ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ქონებრივი დავა, რისი განხილვაც სცილდებოდა კომისიის კომპეტენციის სფეროს. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ახალი ქსელების“ მიერ გასაჩივრებული იქნა, თუმცა შპს „ახალმა ქსელებმა“ პროცესი წააგო როგორც პირველი ინსტანციის, ასევე მე-2 ინსტანციის სასამართლოში. შპს „ახალი ქსელების“ მიერ სააპელაციო საასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2011 წლის პირველი მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ახალი ქსელების“ საკასაციო საჩივარი, ბათილად ცნო კომისიის 2010 წლის 12 იანვრის N23/16 გადაწყვეტილება და კომისიას დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის პირველი მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფად, მხარეთა შორის დავის განხილვის მიზნით კომისიაში, 2011 წლის 15 აპრილის N180/16 გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2011 წლის 29 აპრილისთვის; კომისიის 2011 წლის 29 აპრილს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N208/16 „საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის პირველი მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფად, ერთი მხრივ, შპს ,,ახალ ქსელებსა” და მეორე მხრივ, სს „სილქნეტს” შორის, სს ,,სილქნეტის” ელექტრონული საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან და ჭაში დაშვებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და შპს ,,ახალ ქსელებსა” და შპს ,,სილქნეტს“ შორის დავის არსებითი განხილვის სხდომის დანიშვნის შესახებ“ და საბოლოო ჯამში კომისიამ 2011 წლის 17 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N287/16 და დაამტკიცა მორიგება შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „სილქნეტს“ შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიისთვის ასევე გაუგებარია რაში დასჭირდა შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და შპს „სისტემ ნეტს“ საქართველოს პარლამენტისთვის არასწორი ინფორმაციის მოწოდება და პარლამენტის წევრების შეცდომაში შეყვანა.
2. საჩივარში ავტორები მიუთითებენ კომისიის 2008 წლის 24 სექტემბრის N548/22 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილებაში გამოხატულია კომისიის წევრის ქალბატონი სოფიო ბრიტანჩუკის ინტერესი სს „საქართველოს გაერთიანებული სატელკომუნიკაცი კომპანიის მიმართ“. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რაში გამოიხატება ქალბატონი სოფიოს ინტერესთა კონფლიქტი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია გარდა იმისა რომ სრულიად აფსურდულია, ამავე დროს, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებსაც. კერძოდ:
2008 წლის 4 აპრილს კომისიამ განიხილა დავა ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის. დავის საგანს წარმოადგენდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ასს 34/35-ში ურთიერთჩართვის შეწყვეტა და თანალოკაციის ფართზე არ დაშვება. კომისიამ იმსჯელა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო გადაწყვეტილება N191/18, რომლის შესაბამისადაც, დაკმაყოფილდა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მოთხოვნები. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ შუამდგომლობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რათა საბოლოოდ დადგენილიყო თითოეული მხარის (შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“) ფინანსური ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ.
სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ როგორც კომისიის, ასევე შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლები, კომისიას 2008 წლის 17 სექტემბერს წარუდგინა ერთობლივი დასკვნა, რომელიც მოიცავდა იმ სადაო საკითხებს, რომელთან დაკავშირებით, მხარებს შორის არსებობდა შეუთანხმებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში. სამუშაო ჯგუფმა გამოარკვია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ მომსახურების გაწევის და მიღების ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებები, რომელთა ოდენობებიც მხარეთა მიერ სადაოდ იყო ქცეული. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებებს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ გააფორმეს 2008 წლის 30 მაისის №1 და 2008 წლის 13 ივნისი №4 შეთანხმებები, ფართით სარგებლობასთან და სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილების იჯარასთან დაკავშირებით.
საგულისხმოა, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ იქნა დასკვნა, რომელიც შეიცავდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის დებულებებს, რომ მხარეებს მოეწესრიგებინათ სახელშეკრულებო ურთიერთობები და მიემართათ მაქსიმალური ძალისხმევისთვის სადავო საკითხების მოლაპარაკების და დაპირისპირების გარეშე მოწესრიგებისათვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომისიის 2008 წლის 24 სექტემბერის N548/22 გადაწყვეტილება, რომლითაც ცნობად იქნა მიღებული სამუშაო ჯგუფის დასკვნა, მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა, ვინაიდან ის სარეკომენდაციო ხასიათის იყო და მას არ შეეძლო რაიმე ნეგატიური გავლენა მოეხდინა რომელიმე მოდავე მხარის მიმართ.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომიტეტის სხდომაზე ქალბატონმა ხათუნა ინჯიამ, რომელიც წარმოადგენდა შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და შპს „სისტემ ნეტს“, არაერთხელ მიუთითა კომისიის წევრების ინტერესეთა კონფლიქტზე, მათ შორის ამ უკანასკნელ შემთხვევასთან დაკავშირებითაც. როგორც თქვენთვის ცნობილია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია რაში გამოიხატება კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ან არ იცნობს კანონის ზემოაღნიშნულ ნორმას, ან ამ ნორმის არასწორი ინტერპრეტაციით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს პარლამენტის წევრები.
3. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და შპს „სისტემ ნეტის“ საჩივარში აღნიშნული იყო, რომ კომისიის მიერ ჩადენილ იქნა „სამსახურებრივი სიყალბე“ და „გაყალბებულ იქნა“ კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს N475/9 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე:
კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს N475/9 გადაწყვეტილებით ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დადგენილ იქნა ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფები, დღგ-ს გარეშე, 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში თითოეულ იმ გეოგრაფიულ ზონაში, სადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ.
კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. კერძოდ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომისიის 2008 წლის 30 მაისის N296/23 გადაწყვეტილების საფუძველზე და ზეპირი მოსმენა საკითხის განხილვის მიზნით დაინიშნა 2008 წლის 27 ივნისს 12:00 საათზე. სს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მომართვის საფუძველზე, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისა და შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდო რამდენჯერმე (კომისიის 2008 წლის 11 ივლისის N397/22 გადაწყვეტილება) და საბოლოოდ ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2008 წლის პირველი აგვისტოს 12 საათზე.
კომისიის 2008 წლის პირველი აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლებიც, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ იქნა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნის პროექტი, ამავე სხდომაზე აღინიშნა, რომ სს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიერ“ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საჭიროებდა დამატებით შესწავლას და დეპარტამენტს დოკუმენტაციის შესასწავლად ესაჭიროებოდა დამატებითი დრო (აღნიშნულის თაობაზე მითითებულია კომისიის 2008 წლის პირველი აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმშიც); შესაბამისად დასკვნა დასრულებული სახით, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) 2008 წლის 6 აგვისტოს, მას შემდეგ რაც დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი ყველა დოკუმენტაცია.
თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ ზეპირი მოსმენა ჩაატარა 2012 წლის პირველი აგვისტოს, ზეპირი მოსმენის სხდომაზე განიხილა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნის პროექტი, ასევე დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები და დაასრულა ზეპირი მოსენის სხდომა, ხოლო გადაწყვეტილება მიიღო 10 სამუშაო დღის ვადაში, 2008 წლის 15 აგვისტოს. რაც შეეხება დასკვნის თარიღს, დასკვნა დათარიღებულია 2008 წლის პირველი აგვისტოთი, როდესაც ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილულ იქნა დასკვნის პროექტი, რომელიც შემდგომ, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე (2008 წლის 15 აგვისტო) დამუშავდა და მიიღო სრულყოფილი სახე და რაც მნიშვნელოვანია, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე 6 აგვისტოს.
დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს N475/9 გადაწყვეტილება, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი ფოპტნენტის“ მიერ, იგივე მოტივაციით, რაც მითითებულია კომიტეტში წარმოდგენილ საჩივარში, გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და აღნიშნული კოლეგიის მიერ 2009 წლის 30 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი ფოპტნეტის“ სარჩელი კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო. სასამართლოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, რაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საჩივარში აქვთ მითითებული შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და შპს „სისტემ ნეტს“. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი ფოპტნეტის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მოგვიანებით, საკითხის განხილვამდე, შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი ფოპტნეტმა“ უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივარზე და შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა.
თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის შემდეგ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“, ისევე როგორც შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი ფოპტნეტს“ კომისიისთვის არ მოუმართავს კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს N475/9 გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფების გადახედვის მიზნით, რაც ტარიფის გადახედვის ბევრად უფრო მარტივი და ადეკვატური გზა იქნებოდა, თუ რა თქმა უნდა კომპანიები დაინტერესებულები არიან ამ საკითხით.
4. თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ კიდევ ერთ გარემოებაზე, რომელიც არაერთხელ აღნიშნა ქალბატონმა ხათუნა ინჯიამ კომიტეტის სხდომაზე და რომელიც ასევე არასწორი და ყალბია. კერძოდ, ხათუნა ინჯიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მათთვის, როგორც ავტორიზებული პირებისთვის უცნობია ინფორმაცი კომისიის ბიუჯეტის თაობაზე, რომ კომისია მუდმივად არღვევს კანონს, როდესაც არ აწყობს საჯარო განხილვებს ბიუჯეტთან დაკავშირებით და არ აქვეყნებს კომისიის ბიუჯეტს, შესაბამისად, ქალბატონმა ხათუნამ კომისიის ბიუჯეტი გასაიდუმლოებულ დოკუმენტად წარმოაჩინა.
კომისიისთვის, ერთი მხრივ, გუგებარია მსგავსი ბრალდებები და, მეორე მხრივ, აღმაშფოთებელია ქალბატონი ხათუნას არაერთი მცდელობა ყალბი ინფორმაციის გავრცელებით შეცდომაში შეიყვანოს როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოება.
„მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია ყოველი წლის პირველი დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისიის ბიუჯეტის განხილვა ხდება კომისიის სხდომაზე, რომელიც ღიაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება და შესაძლებლობა დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს კომისიის ბიუჯეტის განხილვაში; ამავე დროს, კომისიის ყოველი წლის ბიუჯეტი 2001 წლიდან 2013 წლის ჩათვლით გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში(http://gncc.ge/index.php?info_legal_form=&info_legal_form2=&search_string_legal=%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2&search_string_legal_full=&info_date_from=&info_date_to=&sec_id=7070&lang_id=GEO&Submit=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90) და კომისიისთვის სრულიად გაუგებარია რატომ აღმოჩნდა ქალბატონი ხათუნასთვის ასეთი „რთული“ კომისიის ბიუჯეტის მოპოვება მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია დევს კომისიის ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ არასდროს გამოუთხოვია კომისიისგან კომისიის ბიუჯეტი და შესაბამისად, გაუგებარია ისიც, როდის შეექმნა პრობლემა ქალბატონ ხათუნას კომისიის ბიუჯეტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.
აქვე განვმარტავთ, რომ ასევე ყალბია ქალბატონი ხათუნას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომისია არ აქვეყნებს კომისიის წლიურ ანგარიშს. კომისიის ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს, ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს და არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს, ამავე დროს, აღნიშნულ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს საკუთარ ვებ გვერდზე ინტერნეტში. კომისიის წლიური ანგარიში 2005 წლიდან 2012 წლის ჩათვლით გამოქვეყნებულია კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში (http://gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3100) და შესაბამისად, გაუგებარია რატომ დასჭირდა ქალბატონ ხათუნას მსგავსი სახის რბილად რომ ვთქვათ არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
5. საჩივარში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ, განხორციელდა რა კერძო ინტერესების გათვალისწინება, დადგენილ იქნა „არაკონკურენტუნარიანი“ ტარიფი კონკრეტული პირის - შპს „მობიტელის“ მიმართ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ბაზრის ერთი და იგივე სეგმენტზე რამდენიმე პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად მიჩნევა, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მათ კანონით განსაზღვრული ერთი და იგივე სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისროთ და ერთი და იგივე ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინდეთ. შპს ”მობიტელის” (ისევე როგორც სხვა მობილური და ფიქსირებული ქსელის მფლობელი კომპანიების) ზედა ზღვრული ტარიფის დადგენისას, კომისიამ იხელმძღვანელა ,,ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით” (დამტკიცებულია კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით), რომელშიც მოცემულია პრინციპები და წესები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების დადგენისათვის. შპს ”მობიტელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა მომსახურების სახეებზე დანახარჯების განაწილების მოდელი. მოდელში ასახული მონაცემები შედარებული იქნა წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან და კომისიის სტატისტიკურ ბაზაში ასახულ მონაცემებთან. კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №657/9 გადაწყვეტილებით შპს ”მობიტელის” სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე - 11 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით, ზედა ზღვრული ტარიფი დადგენილ იქნა ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე (ზარის წამოწყება/დასრულება) კომპანიის დანახარჯების მიკუთვნების საფუძველზე.
თუ შპს ”ახალი ქსელები”, შპს ”ახტელი” და შპს ”სისტემნეტი” მიიჩნევდნენ, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ირღვევოდა მათი უფლებები, მათ შეეძლოთ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ სასამართლოში კანონით დადგენილი წესით, თუმცა მათ მიერ არ იქნა გამოყენებული კანონმდებლობით მინიჭებული აღნიშნული უფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის გადაწყვეტილება, შპს ”მობიტელის” ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის ნაწილში, გასაჩივრებულ იქნა შპს ”მაგთიკომის” მიერ, თუმცა შპს „მაგთიკომმა“ წააგო პროცესები როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფი წარმოადგენს საბითუმო მომსახურების ტარიფს და კომპანიებს შეუძლიათ გაითვალისწინონ მისი ოდენობა მომხმარებლისათვის საცალო მომსახურების ფასის დადგენისას. მაგალითად, შპს ”ახალ ქსელებს” თბილისის აბონენტებისთვის შეთავაზებულ 6 ლარიან პაკეტში გათვალისწინებული აქვს თავისი აბონენტებისთვის მობილურ ქსელზე დარეკვის განსხვავებული ტარიფები მობილური კომპანიების მიხედვით:
”მაგთი და ჯეოსელი - 12 თეთრი, ბილაინი - 18 თეთრი” (იხ.http://www.akhalikselebi.ge/telefoni.php?link=tarifebi&lang=ge).
კანონმდებლობა არ იცნობს ტარიფების ”გათანაბრების” ვალდებულებას. შპს ”მაგთიკომის”, შპს ”ჯეოსელის” და შპს ”მობიტელის” ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების ზედა ზღვარი ემყარება თითოეული კომპანიის დანახარჯებს და მისი ოდენობა დადგენილია გაანგარიშების საფუძველზე. შპს ”მობიტელის” დანახარჯი აღემატება შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” დანახარჯს ერთ წუთზე, კომისია არ არის უფლებამოსილი კომპანიას, ამ შემთხვევაში შპს ”მობიტელს”, დაუდგინოს ხარჯზე ნაკლები ზედა ზღვრული ტარიფი.
6. კომისიისთვის სრულიად გაუგებარია საჩივრის ავტორების ბრალდებები კომისიის მიერ ავტორიზებული პირებისგან ინფორმაციის გამოთხოვასა და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. გვინდა განვმარტოთ, რომ კომისია, ავტორიზებული პირებისგან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტიდან გამომდინარე ითხოვს მხოლოდ იმ სახის ინფორმაციას, რაც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან. ამასთან, კომისიას, ამავე მუხლის საფუძველზე, აქვს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებულ პირს მიაჩნია, რომ მის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის კომერციული საიდუმლოების შემცველი, მან უნდა მიმართოს კომისიას ამის თაობაზე და მოითხოვოს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. კომისიას არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, თუ შპს „ახალ ქსელებს“ შპს „ახტელს“ და შპს „სისტემნეტს“ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია კომერციული საიდუმლოების შემცველია, მათ შეუძლიათ მოითხოვონ აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
7. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „სისტემ ნეტის“ საჩივარში არაერთი პრეტენზია თუ ბრალდებაა გამოთქმული სააბონენტო ნომრის პორტირებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიები ჰქონდათ ასევე კომიტეტის სხდომაზე დამსწრე ავტორიზებული პირების (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“) წარმომადგენლებსაც. გვინდა განვმარტოთ შემდეგი:
სააბონენტო ნომრების პორტირება ოპერატორებს შორის კონკურენციის გამძაფრების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, რაც, რა თქმა უნდა, აბონენტების ინტერესების დაცვას ემსახურება. როგორც წესი, ოპეარატორები (განსაკუთრებით კი ბაზარზე კარგად დამკვიდრებული ოპერატორები) არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ეწინააღმდეგებიან პორტირების პროცესის დანერგვას, რადგან კონკურენტულ გარემოში მათ უხდებათ ადეკვატური ფასების, გაუმჯობესებული მომსახურების პირობებისა და ახალი მომსახურების სახეების შეთავაზება არა მარტო ახალი, არამედ ასევე არსებული აბონენტებისათვისაც. შედეგი კი არის ის, რომ მომხმარებელი იღებს მაღალხარისხიან მომსახურებას დაბალ ფასად. სწორედ პორტირების დანერგვის შედეგად, საქართველოში საცალო სატელეფონო ხმოვანი მომსახურების ტარიფები რადიკალურად შემცირდა და გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის 16-ე პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებული იყო 2011 წლის პირველ მაისამდე მიეღო დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“, კანონით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიაში 2010 წლის 4 ივნისის N256/23 გადაწყვეტილებით, კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით, ხოლო 2010 წლის 6 ივლისს, კომისიის N3 დადგენილებით დამტკიცდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულება.
აღსანიშნავია, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ შემუშავება განხორციელდა ავტორიზებული პირების აქტიური მონაწილეობითა და დახმარებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისს N3 დადგენილება არც ერთ ოპერატორს არ გაუსაჩივრებია სასამართლოში.
კომისიის ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, კომისიამ 2010 წლის 30 ივლისს, მიიღო გადაწყვეტილება N355/10 „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“, სადაც ასევე დეტალურად იყო გაწერილი როგორც სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა, ასევე - პორტირების გადასახადის გადახდის პრინციპი, ცენტრალური ბაზის ტექნიკური პარამეტრები და კონკურსში გამარჯვებულის ვალდებულებები. ავტორიზებულ პირებს არც მოცემული გადაწყვეტილება გაუხდიათ სადავო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის საბჭო დაკომპლექტებული იყო კომისიის აპარატის 5 თანამშრომლის, 5 მსხვილი ოპერატორის (შპს „ჯეოსელი“, შპს „მაგთიკომი“, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“) თითო წარმომადგენლისა და ერთი უცხოელი დამოუკიდებელი ექსპერტისაგან. შესაბამისად, სწორედ ოპერატორების მონაწილეობით და მათი ოფიციალური წარმომადგენლების თანხმობით მოხდა დღევანდელი სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევა. კომისიაში ინახება საკონკურსო საბჭოს სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი, რომელსაც შეუძლია გაეცნოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიისათვის გაუგებარია შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” პოზიცია ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით, ისევე, როგორც გაუგებარია წარმოდგენილი არასწორი ინფორმაცია დღევანდელი სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის - შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” დამფუძნებლის თაობაზე, ვინაიდან სწორედ საკონკურსო საბჭოს სხდომაზე (რომლის ერთ-ერთი წევრიც გახლდათ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს „ახტელის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ბატონი ლევან ინჯია და საკონკურსო სხდომას ასევე ესწრებოდა ქალბატონი ხათუნა ინჯია) დეტალურად იქნა განხილული თითოეული პრეტენდენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დამფუძნებლების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელია სამეწარმეო რეესტრის საშუალებითაც, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რატომ დასჭირდა შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და შპს „სისტემნეტს“ საქართველოს პარლამენტისთვის არასწორი ინფორმაციის მოწოდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ ბაზას პორტირებული ნომრების შესახებ ინფორმაციის შენახვის გარდა, გააჩნია კიდევ ერთი, უმთავრესი ფუნქცია, კერძოდ კი, ყოველი კონკრეტული პორტირების პროცესის მართვის ფუნქცია, რომელიც რეალურად განაპირობებს პორტირების წარმატებას. წარმატების შემდეგი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კი გახლავთ აპრობირებული ნომრის პორტაბელურობის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უკვე დანერგილია სხვა ქვეყნებში, ისევე, როგორც თვითონ პორტირების პროცესის და ცენტრალური ბაზის მართვის გამოცდილება. შესაბამისად, კომისიისათვის ასევე გაუგებარია ბრალდება დაუსაბუთებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესახებ, რადგან სწორედ შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიის მიერ აპრობირებული პორტირების მეთოდისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის შედეგად საქართველოში ნომრის პორტაბელურობა (როგორც ტექნიკური ასევე ადმინისტრაციული თვალსაზრისით) უპრობლემოდ დაინერგა და განაგრძობს ეფექტურად ფუნქციონირებას.
რაც შეეხება ტარიფებს, კომისიამ საწყის ეტაპზევე, ნორმატიულ აქტში - „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში“ გაითვალისწინა პორტირების ტარიფების მუდმივად რეგულირების საჭიროება. სწორედ აღნიშნული დებულების შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი ვალდებულია, ავტორიზებულ პირებს მომსახურება გაუწიოს ხარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას, ისევე როგორც ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს გამჭვირვალედ, უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტირების მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენების სამართლებრივი, ტექნიკური და ეკონომიკური პირობების გამჭვირვალობა. ამავე დროს, ადმინისტრატორი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს წლიური ანგარიში, ფინანსური ანგარიშის ჩათვლით. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ კომისიასა და ადმინისტრატორს, ისევე, როგორც ადინისტრატორსა და ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული ტარიფები, შესაძლებელია, შემცირდეს ადმინისტრატორის ინიციატივით, ისევე, როგორც ავტორიზებული პირების მოთხოვნის საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებულ პირებს უფლება აქვთ, მოითხოვონ მოქმედი ტარიფების გადახედვა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პორტირების ტარიფი ერთხელ უკვე შემცირდა (წლიური 0,38 ევროდან 0,30 ევრომდე - 21%-ით) მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის ინიციატივით.
8. არ შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ კომიტეტის სხდომაზე ქალბატონ ხათუნა ინჯიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ კომისია არ მონაწილეობდა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების მსოფლიო კონფერენციის (WCIT-12) ”საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო რეგულაციებში (ITR)” ცვლილებების შეტანაში.
უპირველეს ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს წარმომადგენლობით, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) გაწევრიანდა 1993 წლის 7 იანვარს, საქართველოს მოთხოვნით; ხოლო ITU-ს კონსტიტუციასა და კონვენციას საქართველო მიუერთდა 1994 წლის 20 ივნისს. დღესდღეობით, საქართველოს ITU-ში წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ITU-ს წევრი ქვეყნის უფლებამოსილი (საქართველოს სახელით გადაწყვეტილების მიმღები) ორგანო კატეგორიით ”ADMIN”(http://www.itu.int/online/mm/scripts/mm.list?_search=1&_map=n&_search_countryid=276&_country=GEO );
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შექმნის დღიდან (2000 წელი) თანამშრომლობს ზემოაღნიშნულ ორგანიზაციასთან, როგორც მარეგულირებელი ორგანო (კატეგორია - ADMIN RELATED / REGULATOR - იხ. ზემოთ მითითებული ვებ-გვერდი).
ITU-ს წევრი ქვეყნები, ადმინისტრაციების წარმომადგენლობით, ახორციელებენ ITU-ს საბაზისო დოკუმენტების რატიფიცირებას. ჩვენს შემთხვევაში, ამ ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სწორედ იგია უფლებამოსილი, საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს ITU-ს საბაზისო ოფიციალურ დოკუმენტებს და ქვეყნის სახელით თანხმობა განაცხადოს სხვადასხვა ვალდებულებების შესრულებაზე.
რაც შეეხება კომისიას, იმისათვის, რომ კომისიის წარმომადგენელმა, ქვეყნის სახელით, ხელი მოაწეროს ITU-ს ოფიციალურ დოკუმენტებს, საჭიროა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება კომისიის შესაბამის წარმომადგენელზე და დაარეგისტრიროს იგი, როგორც ქვეყნის სახელით გადაწყვეტილების მიმღები და ხელის მომწერი პირი.
”საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო რეგულაციები” (International Telecommunications Regulations) შემუშავებულ იქნა 1988 წელს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის - განვითარებულ ქვეყნებშიც, სატელეკომუნიკაციო ბაზარი არ იყო ლიბერალიზებული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. შესაბამისად, ბაზარზე არსებული დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ITU-მ დღის წესრიგში დააყენა არსებულ დოკუმენტში (ITR) ცვლილებების შეტანის საკითხი. ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მომზადებისთანავე, ITU-მ იგი გაუგზავნა წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებს კომენტარებისათვის. საქართველოში აღნიშნული პროექტი გამოეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საქართველოს სახელით გადაწყვეტილების მიმღებ და დოკუმენტზე ხელის მომწერ უფლებემოსილ სახელმწიფო ორგანოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ITU-სგან მიღებული ზემოაღნიშნული ITR-ის პროექტი გადმოუგზავნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განსახილველად და შენიშვნებისა და წინადადებების მოსამზადებლად. მიუხედავად დროის სიმცირისა, სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი პროექტის საფუძველზე, ITR-ში გაწერილი თითოეული მუხლის/პუნქტის/ქვეპუნტის მიხედვით და ITU-ში წევრი ქვეყნების მიერ მოსაზრებების წერილობით წარდგენის პროცედურების დაცვით, კომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი “Georgian Position on the Draft of Future ITRs” და გაუგზავნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც ოფიციალური ფოსტით, ასევე ელ-ფოსტით.
კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში დეტალურად იყო გაწერილი კომისიის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ წარმოდგენილი ცვილელებების პროექტის რომელი მუხლებისთვის უნდა დაეჭირა მხარი საქართველოს. ამასთანავე, თითოეული მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის ქვემოთ კომისიამ განმარტა ამა თუ იმ დებულების ITR-დან ამოღების, დამატების თუ ცვლილების მიზეზი და საფუძველი .
აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის სახელით საერთაშორისო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, გარკვეული ვალდებულებების აღება და შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირება წარმოადგენს არა კომისიის არამედ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების ფუნქციას, რომელსაც შესაძლოა (მიუხედავად კომისიის მიერ შემუშავებული არგუმენტირებული წინადადებებისა) კომისიისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
9. რაც შეეხება შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის მიერ კომიტეტის სხდომაზე კომისიის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, რომ კომისიამ შპს „ჯეოსელი“ აიძულა განეხორციელებინა წამობრივი დამრგვალება, არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ აღნიშნულ „ბრალდებას“, კერძოდ, კომისიამ, 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილებით ნამდვილად მოსთხოვა შპს „ჯეოსელს“, „ლაილაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას 5 წამიანი დამრგვალების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მოსახურების საფასურის დამრგვალება წამის სიზუსტით. კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „ჯეოსელი“ „ლაი ლაის“ ბრენდი აბონენტებისთვის, ხმოვანი კავშირით მომსახურებისას ახორციელდებდა 5 წამიან დამრგვალებას, კერძოდ, თუ მომხმარებელი ისაუბრებდა 1 წამი, მას უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური 5 წამი საუბრისთვის, რას იმას ნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელი“ მომხმარებელს ახდევინებდა მომსახურების საფასურს იმ ოდენობით მომსახურებისთვის, რაც მას არ მიუღია (4 წამი საუბრისთვის).
თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ კომისიის ფუნქციას წარმოადგენს არა მხოლოდ ავტორიზებული პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, არამედ კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. სწორედ მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კომისიამ შპს „ჯეოსელს“ დაავალა „ლაილაის“ აბონენტებისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის დარიცხული საფასურის 5 წამიანი დამრგვალების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მოსახურების საფასურის დამრგვალება წამის სიზუსტით.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჯეოსელის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ორივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა კომისიის გადაწყვეტილება.
10. რაც შეეხება შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და შპს „სისტემ ნეტის“ მიერ საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, გვინდა აღვნიშნოთ რომ კომისია მიესალმება და მუდამ მზად არის მონაწილეობა მიიღოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში, რომელიც ორიენტირებული იქნება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებაზე, ხელს შეუწყობს როგორც ავტორიზებული პირების, ასევე მომხმარებლების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არ იქნება მორგებული ერთი კონკრეტული ავტორიზებული პირის ინტერესებზე.