აგვისტო 27, 2013

კომისიის წევრების განმარტება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2013 წლის 26 აგვიტსოს რადიომაუწყებლობის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები, სოფიო ბრიტანჩუკი და ირაკლი მოსეშვილი, რომელთა ხმამაც გადაწყვიტა გამარჯვებული კომპანიის ბედი, განმარტავენ, თუ რა მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუჭირეს მხარი 26 აგვისტოს გამართულ რადიომაუწყებლობის კონკურსში შპს „ენერჯი გრუპს“.

თბილისში რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეობას ხუთი კომპანია იღებდა, ესენია: შპს „არტპალასი“, შპს „ენერჯი გრუპი“, შპს „სტერეო+“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „არტ რადიო“. საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციებში განმსაზღვრელი საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის მაუწყებლობის უზრუნველყოფა იყო.

კომისიის თითოეულმა წევრმა დამოუკიდებლად შეისწავლა ყველა კონკურსანტის დოკუმენტაცია და გადაწყვეტილება, თუ რომელ კომპანიას დაუჭერდა მხარს, ინდივიდუალურად მიიღო.

ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსი იყო, სხვაობა მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ კონკურსანტთა ნაწილის მიერ წარმოდგენილ დოკუმეტაციაში რაოდენობრივად მეტი გადაცემა იყო ჩამონათვალში.

სრულიად განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა შპს „ენერჯი გრუპის“ სამაუწყებლო კონცეფცია, რადგან, გარდა საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა, რაც სავალდებულო კომპონენტია, გათვლილია კონკრეტულ სფეროზე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს ამბებზე. თუმცა, ამავე დროს, კონცეფციაში დინამიურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან ეკონომიკის და ბიზნესის  სფეროში მიმდინარე მოვლენების ზეგავლენა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე და პირიქით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ტემპი. გარდა ამისა, გამარჯვებული კომპანიის სამაუწყებლო კონცეფციაში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა სოციალური თემტიკის გადაცემებს, როგორიც არის სადაზღვევო თემა, დასაქმებულების თემატიკა, ასევე საბანკო სექტორი და ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა, რაც ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის.

დაბოლოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და მისი თითოეული წევრი მარეგულირებელი ფუნქციის შესრულების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.  “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის პროცესში კომისიონერები მხედველობაში იღებენ შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნებას და ითვალისწინებენ აუდიტორიის ინტერესებს. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ  ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რეჟიმში მოისმინოს ისეთი ახალი ამბები, რომელის შპს „ენერჯი გრუპის“ სამაუწყებლო კონცეფციაშია წარმოდგენილი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები