წვდომის მენიუ

სექტემბერი 05, 2017 20:34

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი  თვითმართველობის  არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ  შუალედურ ანგარიშში კომისიის 2017 წლის 15 ივნისის და 13 ივლისის №398/18 და №464/12 გადაწყვეტილებებთან  დაკავშირებით არასწორადაა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაყრდნობით გაკეთებულია არასწორი შეფასებები.

ასოციაციის მტკიცებით, კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“ ცნო სამართალდამრღვევად „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 66-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, ,,რუსთავი 2“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად  „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, რაც არსებითად განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლებია (იხ.კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №392/18  გადაწყვეტილება).

ასოციაციის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ,ერთ-ერთი “ვიდეორგოლი სამაუწყებლო ბადეში გავიდა როგორც კომერციული რეკლამა  და მას არავითარი კავშირი პოლიტიკურ რეკლამასთან არ ჰქონია“, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს, რადგანაც, ,,რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას, რაც დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, მათ შორის ,,რუსთავი 2“-ის წერილით.

არასწორია ასოციაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ ,,მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს რეგულაციებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების თაობაზე, რაც პრობლემური გახდა „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში. ,,მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იკრძალება პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა. პოლიტიკური რეკლამის განთავსება სწორედ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვას წარმოადგენს, რასაც ადგილი ჰქონდა „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში.  

დაუსაბუთებელია ასოციაციის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ,,ბუნდოვანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კომისიამ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, მის წინააღმდეგ არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არანაირი სახე“. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. ვინაიდან,

  1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებამდე, მონიტორინგის განხორციელებისას კომისიას არ გამოუვლენია არაწინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსებისა და ასეთი რეკლამის განთავსებისთვის პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების შემთხვევები და არ გამოუყენებია სანქციები მაუწყებლების მიმართ;
  2. გადაწყვეტილების მიღებამდე ,,რუსთავი 2“-ის მიერ დარღვევა აღმოფხვრილი იყო;

კომისიამ მიიჩნია, რომ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, ასეთი გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყოფდა საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას, სამართალდარღვევის პრევენციას და დაცული იქნებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპები.

არასწორია ასოციაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განთავსებული სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას. აღნიშნული რეკლამა ეხებოდა საზოგადოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - სახელმწიფოს მმართველობის სისტემასა და კონსტიტუციაში განხორციელებულ/განსახორციელებელ ცვლილებებს და მიმართული იყო ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ,  კერძოდ,  როგორი საკონსტიტუციო რეფორმა ხორციელდება ქვეყანაში, რა მიზნებს ისახავს და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქისთვის, რის თაობაზეც ინფორმირებულობა, თავის მხრივ, კომისიის აზრით, ასევე წარმოადგენს საზოგადოებისთვის სიკეთის ხელშწყობას.

ამდენად, ასოციაციის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, კომისიას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ასოციაციის ანგარიში ან არაკვალიფიციურად არის მომზადებული, ან ასოციაცია თავის შუალედურ ანგარიშში მიზანმიმართულად მიუთითებს კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არასწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათზე დაყრდნობით არასწორ შეფასებებს აკეთებს იმ მიზნით, რომ ასოციაციის დასკვნები სამომავლოდ გათვალისწინებული იყოს სხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები