მაისი 08, 2014

„მაესტროს“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სანქცირებასთან დაკავშირებით შეწყვიტა.

შეგახსენებთ, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა რამდენიმე მაუწყებელის მონიტორინგი 2014 წლის თებერვალ-მარტის თვეებში განახორციელა. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 13 მარტს გადაცემა „სუბიექტური აზრი“ დაწყებიდან რეკლამით 4 წუთში  შეწყდა, კანონით კი რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები.

კომისიაში გამართულ სხდომაზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის კომპანიას კანონი არ დაურღვევია, რადგან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მართალია, რეკლამისათვის, ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, გადაცემა „სუბიექტური აზრი“ კი, სწორედ ავტონომიური ნაწილებისგან შედგება. „მაესტროს“ იურისტის მტკიცებით, გადაცემის პირველ ნაწილში წამყვანები დღის ამბებს განიხილავენ, მეორე ბლოკში კი სტუმართან ერთად სხვა ფორმატში აგრძელებენ გადაცემას. ეს ორი ავტონომიური ნაწილი კი რეკლამით იმიჯნება.

კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეს პოზიცია გაითვალისწინა და მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა, დარღვევის არ არსებობის გამო.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები