აპრილი 10, 2012

„მაგთიკომი“ შეცდომაში შემყვანი რეკლამისთვის დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე „მაგთიკომი“ დაჯარიმდა. საკაბელო ოპერატორის სანქცირების საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს `გლობალ მედია ჯგუფის“ („GMG“) განცხადებამ განაპირობა.

„GMG“ კონკურენტ კომპანიას არასათანადო სარეკლამო რგოლების გაშვებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდა. საქმე ეხება, სარეკლამო რგოლს შემდეგი ტექსტით:  „მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში „Setanta sports“. ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები. 500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში, მაღალპროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“. თუმცა, აღნიშნული  სპორტული გადაცემების ქართულ ენაზე გაშვების უფლება „GMG“–საც აქვს მოპოვებული. „მაგთისატი“ კი სარეკლამო რგოლში მომხმარებელს ეუბნება, რომ მხოლოდ მის აბონენტებს აქვთ საშუალება იხილონ აღნიშული სპორტული გადაცემები, რითაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომას ესწრებოდა, როგორც „მაგთიკომის“ ასევე, შპს `გლობალ მედია ჯგუფის“ („GMG“) წარმომადგენლები. ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცა საშუალება საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ არასათანადო რეკლამით მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობის გამო 90 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა  დააკისრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები