მაისი 17, 2011

„მაგთიკომს“ შეცდომაში შემყვანი რეკლამისთვის „სილქნეტმა“ უჩივლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია „მაგთიკომის“ წინააღმდეგ საჩივარი განიხილა. კომისიას განცხადებით მომართა კომპანია „სილქნეტმა“.

განცხადების თანახმად, შპს ,,მაგთიკომი“ საკუთარი ვებ გვერდის (www.magticom.ge) და ტელევიზიის საშუალებით ავრცელებს  რეკლამას, სადაც შპს ,,მაგთიკომი“ აბონენტებს სთავაზობს ახალ ტარიფებს. კერძოდ, ,,მაგთის“, ,,ბალის“, ,,ბანის“ და ,,მაგთიფიქსის“ აბონენტებისთვის 1 წუთის ღირებულება - 1 თეთრი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ზარის წამოწყების ღირებულება „ბალის“, „ბანის“, „მაგთიფიქსის“ აბონენტებისთვის შეადგენს 5 თეთრს, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის - 10 თეთრს, ასევე, ამ ტარიფით 30 დღიანი სარგებლობის სააბონენტო შეადგენს 1 ლარს, რაც არ არის გახმოვანებული რეკლამაში. ტარიფის რეალური ოდენობის შესახებ წარწერა რეკლამის ბოლოს და ისიც მცირე ხნით ჩნდება, რაც არ იძლევა ამ ინფორმაციის აღქმის საშუალებას. განმცხადებლის აზრით, შპს ,,მაგთიკომს“ აღნიშნული რეკლამის გავრცელებით შეცდომაში შეჰყავს, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კომპანიის მომხმარებლები, რითაც ზიანს აყენებს, როგორც მომხმარებლებს, ასევე ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიების ინტერესებს, შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან ადგილი აქვს არასათანადო რეკლამის განთავსებას და გავრცელებას, რითაც ირღვევა ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე ორივე კომპანიის წარმომადგენლის პოზიცია მოისმინა  და შპს ”მაგთიკომს” დაავალდებულა  ტელევიზიით გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება.

კომისიამ განუმარტა „მაგთიკომს“, რომ 2011 წლის 31 მაისამდე კომპანიამ მის მიერ სატელევიზიო და რადიო სივრცეში განთავსებული ყველა სარეკლამო რგოლის გადამოწმება და კორექტირება უნდა მოახდინოს. მომხმარებელს სარეკლამო რგოლის მოსმენისას ნათელი და არსებითი წარმოდგენა უნდა შეექმნას შეთავაზებული მომსახურების პირობების შესახებ. კომისიამ დამატებით განმარტა, რომ რეკლამა უნდა იყოს საზოგადოების უმრავლესობისთვის ადვილად აღქმადი და გასაგები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები