ივლისი 05, 2013

მარეგულირებელი ორგანოების გლობალური სიმპოზიუმი წელს ვარშავაში გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაცია, კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის ხელმძღვანელობით მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოების გლობალურ სიმპოზიუმს დაესწრო.

გლობალური სიმპოზიუმი (The 13th GSR) საერთაშორისო სატელეკომუნიკაცი გაერთიანების (ITU) ორგანიზებით წელს მე-13 იმართება. სიმპოზიუმის სახელწოდებაა „მე-4 თაობის რეგულაცია: ციფრული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა“, (“4th Generation regulation: driving digital communications ahead“).

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კარლო კვიტაიშვილმა და ინდოეთის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (TRAI) თავმჯდომარემ, რაულ კულარიმ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, მხარეებმა ეფექტური რეგულირების მისაღებად მარეგულირებელი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვნებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კარლო კვიტაიშვილმა პორტუგალიის მარეგულირებლი ორგანოს (ANACOM) თავმჯდომარე, ფატიმა ბაროსთანაც გამართა შეხვედრა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბილეტარული თანამშრომლობის მემორანდუმი პორტუგალიის მარეგულირებელ ორგანოსთან 2011 წელს გააფორმა, მხარეებმა შეხვედრაზე   მემორანდუმის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის პროექტის დაწყების და განხორციელების გეგმა განიხილეს.

კარლო კვიტაიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის დირექტორთან, მაგდალენა გაისთანაც გამართა. შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ამჟამად მიმდინარე ორმხრვი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში გაცვლითი სასწავლო და სამუშაო ვიზიტებს შეეხო.

ოთხდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში კომისიის დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა  აზერბაიჯანის, ლიტვის და მოლდოვას მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.  მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს როგორ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში (EaP), ასევე ქვეყნებს შორის მეგობრული და საქმიანი თანამშრომლობის ჭრილში.

დღეს, დილით კი მარეგულირებელი ორგანოების გლობალური სიმპოზიუმის დასკვნით დახურულ საუზმეზე მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების ტელეკომუნიკაციების განვითარების სექტორის (ITU-D) დირექტორმა, ბრაჰიმა სანოუსმა უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებამ საუზმის მსვლელობისას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და დიდი მონაცემთა ბაზების  (big data) მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, დიდი მონაცემთა ბაზების რეგულირების პროცესში მარეგულირებლი ორგანოების როლი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით გამოწვევები განიხილეს.

სიმპოზიუმი ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, ამჯერად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების ხელმძრვანელები პოლონეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ. მომავალ წელს კი ბაჰრეინში ესტუმრებიან.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები