მარტი 12, 2009

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მიღებულია

 

 

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  მაუწყებელთა ქცევის კოდექსი  მიიღო. ეს დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის მაუწყებელს ავალდებულებს დაიცვას თანასწორობის, მრავალფეროვნების და შემწყნარებლობის პრინციპები. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ავალდებულებს მაუწყებლებს დაიცვან არასრულწლოვანთა აუდიტორია მავნე ზეგავლენისგან. ასევე, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ამ ნორმატიული აქტზე მუშაობა რამდენიმე წელიწადი მიმდინარეობდა. კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გარდა, აქტიურად მუშაობდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები, შემდეგი ტელეკომპანიები: ”რუსთავი2”, ”იმედი”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”კავკასია” და ”მზე”, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები: ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, ”თავისუფლების ინსტიტუტი”, ”პედაგოგთა კავშირი”, კავშირი ”იბერიანა”, ”მედია საბჭო”, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და მოქალაქე გიორგი ყიფიანი.

საქართველოს კომუნიკაცეიბის ეროვნულ კომისიას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად საქართველოში მოქმედ მაუწყებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე ქცევის კოდექსის შემუშავება დაევალა.

ამ დოკუმენტმა სამართლებრივი ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტროში გაიარა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები