ოქტომბერი 08, 2014 12:05

მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა (EPRA) - 8-10 ოქტომბერი თბილისი

 

დღეს, 8 ოქტომბერს 20:00 საათზე სასატუმრო „რედისო ბლუ ივერიაში“ მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) სამდღიან კონფერენციას საქართველოს პარტამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახსნის.

მაღალი დონის კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოდან თითქმის 130 დელეგატი ეწვია. სტუმრებს შორის ძირითადად ევროპის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები არიან წარმოდგენილნი. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა აუდიოვიზუალური მედია სერვისების რეგულაცია ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ციფრული მაუწყებლობა, ტელესაკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მარეგულირებელი ორგანოების ფინანსური და პოლიტიკური  დამოუკიდებლობა.

9 ოქტომბერს, 09:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციის საქმიან ნაწილს მისასალმებელი სიტყვით გახსნის და სტუმრებს საქართველოში მაუწყებლობის სფეროში არსებულ ვითარებას, სამომავლო გეგმებს და გამოწვევებს წარუდგენს.

მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლათფორმა (EPRA) 1995 წელს შეიქმნა და ევროპის 52 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო EPRA-ს წევრი 2011 წლიდან არის.

EPRA-ს მუდმივმოქმდები დამკვირვებელია ევროკომისია, ევროპის საბჭო, ეუთოს მედია თავისუფლების წარმომადგენლობა და ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია (European Audiovisual Observatory). კონფერენციაზე დასასწრებად თბილისს აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგელნებიც  ეწვივნენ.

მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები