ოქტომბერი 11, 2014 20:59

მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) შეხვედრა თბილისში დასრულდა

მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციის დასკვნითი სესიის მთავარი განსახილველი საკითხი 10 ოქტომბერს მარეგულირებელი ორგანოების პოლიტიკური და ფინანსური დამოუკიდებლობა იყო.

ევრო კომისიის დამკვირვებელმა მედიის საკითხებში ლეილა დევრისაჯიკმა ხაზი გაუსვა როგორც პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით მარეგულირებელი ორგანოების სახელმწიფო გავლენისგან თავისუფლების მნიშვნელობას, ასევე ჟურნალისტიკის როგორც დარგის და ჟურნალისტების დაცვის აუცილებლობას. მისი განცხადებით დღის წესრიგშია მედიის თვითრეგულირების უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავების საკითხი ცილისწამების, არასრულწლოვანთა და უმცირესობათა საკითხების გაშუქების დროს.

მედიის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტების და კვლევების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს ევრო კომისიის ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (European Audiovisual Observatory) დელეგატებმა.

ირლანდიის და ესპანეთის მაუწყებლობის მარეგულირებელი სააგენტოების დელეგატებმა მომსახურების სახეების და კონტენტის მრავლაფეროვნების უზრუნველსაყოფად სამომავლო სამუშაო პროცესზე ისაუბრეს. დასკვნის სახით მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციაზე მედიის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე (Responsible Content) შეთანხმდნენ.

მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) მე-40 კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს ევროპის ორმოცზე მეტი ქვეყნის 52 მარეგულირებელი ორგანოს 130 დელეგატი ეწვია. სტუმრებს შორის ძირითადად ევროპის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები იყვნენ წარმოდგენილნი. კონფერენციას ევრო კომისიის, ევროპის საბჭოს, ეუთოს მედია თავისუფლების წარმომადგენლობის და ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (European Audiovisual Observatory) დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

კონფერენციას თბილისში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობდა. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 41-ე კონფერენცია შვეიცარიაში ქ. ბერნში გაიმართება 2015 წლის მაისში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები