წვდომის მენიუ

დეკემბერი 14, 2018 10:51

მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - „ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ 12 ჟურნალისტისთვის ჩაატარა ერთკვირიანი ტრენინგი - „ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში“. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა გამოცდილ ტრენერებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმუშავეს მულტიმედიური პროდუქტების შექმნაზე და სოციალურ პლატფორმებზე მათი განთავსების ეფექტიან ფორმებზე. პრაქტიკული სამუშაოები მოიცავდა ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორებიცაა თემების გაშუქების სტრატეგია და აუდიტორიის ანალიზი, ასევე, ამბის გადმოცემის ისეთი გზები, რომლებითაც სოციალურ მედიაში აუდიტორიის მაღალი ჩართულობა მიიღწევა.

სასწავლო პროცესი დაყოფილი იყო სამ მოდულად:

• თემების გაშუქების სპეციფიკა სოციალურ მედიაში;

• სოციალური მედიის პლატფორმები და აუდიტორიასთან მუშაობა;

• ვიდეოპროდუქტის შექმნა: გადაღება, მონტაჟი, ექსპორტი.

ინტერნეტის მომხმარებლების ზრდასთან ერთად ინფორმაციის გავრცელებისთვის სოციალური მედია სულ უფრო აქტუალური პლატფორმა ხდება, რაც ტრადიციული მედიისთვის დიდი გამოწვევაა, ვინაიდან სოციალური მედიის აუდიტორია და ამბის თხრობის მისთვის გამიზნული ფორმა საგრძნობლად განსხვავდება ტრადიციულისგან.

ქართული მედია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ სოციალური მედია ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია დამატებითი ცოდნის მიღება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. ამ მიზნებიდან გამომდინარე, მედიააკადემიამ 12 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტებს საშუალება მისცა, მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა მიეღოთ. მედიააკადემიის დაფუძნების მთავარი მიზანი ხომ სწორედ მედიის სფეროს მუშაკთა ხელშეწყობა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს როგორც ცენტრალური, ისე რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა. მსმენელთა შორის იყვნენ ტელეკომპანია „მაესტროს“, „იმედი ნიუსის“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის, „კვირის პალიტრის“, „პალიტრა-მედიის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, „ტვ პირველის“, „მეგა ტვ-სა“ და ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის ჟურნალისტები, ასევე დამოუკიდებელი ბლოგერი.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები