ოქტომბერი 02, 2008

მეგაფონის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

 

 

დღეს, 2008 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ რუსული კავშირგაბმულობის კომპანია ”მეგაფონის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”მეგაფონი”   საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზაციის გარეშე მობილურ სატელეფონო მომსახურების და სათანადო ლიცენზიის გარეშე საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრით უკანონოდ სარგებლობისთვის დააჯარიმა. კომისიამ რუსული კომპანია პირველად 2008 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 3 500 ა.შ.შ დოლარის ოდენობით დააჯარიმა. მეორე სანქცია  ”მეგაფონს”  კომისიამ 23 სექტემბერს დააკისრა. ამჯერად ჯარიმის ოდენობამ 360 000 ა.შ.შ დოლარი შეადგინა.

 

”სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო უცხოური კომპანიის წინააღმდეგ რომელიც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე   უკანონოდ ფუნქციონირებს” - განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი არველაძემ. ”ის ფაქტი, რომ რუსულმა კომპანიამ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში გაასაჩივრა, მოწმობს რომ ისინი აღიარებენ საქართველოს იურისდიქციას სამხრეთ ოსეთში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც კომპანია უნებართვო საქმიანობას ახორციელებს” - დაამატა გიორგი არველაძემ.

 

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებით ”მეგაფონი” ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს ჯარიმა და შეწყვიტოს ყოველგვარი უნებართვო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე. ”მეგაფონი” საქართველოში უკანონოდ  2004 წლიდან მუშაობს, კომპანიამ რუსული სამხედრო ინტერვენციის დროს საქართველოს სიხშირული სპექტრის ეკონომიკური ანექსია მოახდინა.

 

თავდაპირველად ”მეგაფონი” ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონს ფარავდა. საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსული ინტერვენციის დროს კი კომპანიის დაფარვის არიეალი გაფართოვდა და კონფლიქტის ზონას გასცდა. კერძოდ, რუსული კომპანიის მიერ დაფარვის ზონამ მოიცვა მთლიანად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია და გასცდა მის ადმინისტრაციულ საზღვრებსაც - მოიცვა გორისა და ქარელის რაიონები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 23 აგვისტოს შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრის უნებართვოდ გამოყენების ფაქტი, რაც ასევე ტექნიკურ პრობლემებს უქმნიდა საქართველოში ავტორიზირებულ კომპანიების, ”მაგთიკომისა” და ”ჯეოსელის”, მიშაობას.

 

”როგორც კი ჩართავ მობილურ ტელეფონს ქ. გორის ტერიტორიაზე მიიღებთ შეტყობინებას: ”კეთილი იყო თქვენი მობრძანება რუსულ ქსელ მეგაფონში! ” ჩვენ ვალდებულები ვართ აღვკვეთოთ საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრის უკანონო გამოყენების ნებისმიერი მცდელობა, მინდა დავამატო, რომ ძალიან საგულსხმოა ის ფაქტიც, რომ ”მეგაფონმა” ჩვენთან ბრძოლის საშუალებად საქართველოს მართლმსაჯულება არჩია”.

 

”მეგაფონი” უარყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო და ულიცენზიო საქმიანობას. მაგრამ, ედუარდ კოკოითის  დღეს გავრცელებულ ინტერვიუში, რომელიც  ”The Moscow Times”-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია: ”მეგაფონი ფარავს სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიას და მათი აბონენტების რიცხვმა 36 000 შეადგინა.”

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები