ოქტომბერი 18, 2012

მობილურ ქსელში პორტირების სტატისტიკა

2011 წლის 15 თებერვლიდან 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით სააბონენტო ნომრის პორტირებით მობილური ქსელის 110,453 აბონენტმა ისარგებლა.

ბოლო მონაცემებით, მობილურ ქსელში პორტირების ლიდერი მობიტელია. მობიტელმა სხვა მობილური ქსელებიდან 26,763 აბონენტი შეიძინა, ხოლო მობიტელიდან კონკურენტ კომპანიებში 21,459 გადაპორტირდა.

მოზიდული აბონენტების რაოდენობით, მობიტელს მცირე სხვაობით  ჯეოსელი ჩამორჩება, რომელმაც პორტირების შედეგად 44,445 აბონენტი შეიძინა, ხოლო 39,338 დაკარგა.

სილქნეტმა, რომელიც ახალი ოპერატორია მობილურ ბაზარზე,  პორტირებით 67 აბონენტი შეიძინა და მხოლოდ 10 დაკარგა.

ერთადერთი მობილური ოპერატორი, რომელმაც პორტირების შედეგად უფრო მეტი აბონენტი დაკარგა ვიდრე მოიზიდა მაგთიკომია. მაგთიკომიდან სხვა მობილური ოპერატორების ქსელში 49,646 აბონენტი გადავიდა, ხოლო კონკურენტი კომპანიებიდან მაგთიკომში 39,178 გადმოპორტრდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები