მაისი 27, 2011

მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამნეტში ცვლილებები შევიდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზრუნავს ტელესაკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე. რის გამოც „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ გარკვეული ცვლილებები და დამატებები შევიდა.

სიახლეა როუმინგით მოსარგებლე აბონენტებისთვის. ამიერიდამ ამ მომსახურების მიმწოდებელი ყველა მობილური ოპერატორი ვალდებულია საკუთარ აბონენტს საზღვარგარეთ გამგზავრებისას, როუმინგული მომსახურების მიღების ქვეყანაში მოქმედი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდოს. ეს ცვლილება ძალაში 2011 წლის 1 სექტემბრიდან შედის.

ასევე, გამარტივდა სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებსა და აბონენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა. გარდა ამისა, აბონენტებს მიეცა საშუალება ხელშეკრულებაში შესატანი მომსახურეობის სახეები თავად აირჩიოს.

მომხმარებელთა დაცვის რეგლამენტის დღემდე მოქმედ რედაქციაში მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული თუ რა ვადაში უნდა დაერიცხოს მომხმარებელს მიღებული მომსახურების საფასური. ცვლილებების თანახმად, საკომუნიკაციო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების საფასური მომხმარებელს უნდა დაერიცხოს მომსახურების გაწევიდან არაუგვიანეს სამ თვეში, ხოლო ანგარიში წარედგინოს გაწეული მომსახურების საფასურის დარიცხვიდან არაუგვიანეს მომდევნო ერთ თვეში. თუ სატელეკომუნიკაციო კომპანია დადგენილი ვადების ფარგლებში არ მოახდენს საკუთარი აბონენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის დარიცხვას, ის უკვე ვეღარ შეძლებს თანხის ამოღებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები