ნოემბერი 20, 2014 15:25

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014

 

2014 წლის 24-26 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014 ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო ფორუმს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის თემაზე. სიმპოზიუმს საქართველოს მთავრობა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობენ.

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის 24 ოქტომბერს 09:00 საათზე ოფიციალურად გახსნის. სამდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილება:

·         საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ანგარიშის - საინფორმაციო საზოგადოების შეფასება 2014 (Measuring the Information Society 2014) პრეზენტაცია

·         ICT სექტორის 2015 წლის შემდგომი განვითარების გეგმის და სამომავლო პრიორიტეტების პანელური განხილვა

·         მსჯელობა დიდი მოცულობის მონაცემების (Big Data) გამოყენების თაობაზე

·         დისკუსიები ICT-ის სტატისტიკური მონაცემების ხარისხზე, ღია მონაცემების პოლიტიკასა და ICT4D-ის (ICT for Development) შეფასების მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ

·         სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების (EGTI) და შინამეურნეობის ინდიკატორების (EGH) ექსპერტთა ჯგუფების  მუშაობის შედეგების განხილვა

თბილისში WTIS 2014-ს სიმპოზიუმზე დასასწრებად უკვე დარეგისტრირებულია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრები, კერძოდ კი მსოფლიოს მასშტაბით შესაბამისი დარგის მინისტრები, მარეგულირებელ ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები, სატელეკომუნიკაციო კომპანიების და ეროვნული სტატისტიკური სამსახურების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) თემაზე მომუშავე პირები და ტელეკომუნიკაციების ექსპერტები.

სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, რომელზეც მონაწილეებს  საშუალება ექნებათ წარადგინონ მოხსენებები თავიანთ ქვეყნებში მონაცემთა შეგროვების და დამუშავებს სისტემის შესახებ.

2014 წლის 23 ნოემბერს 10:30 საათზე თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014-ის ოფიციალურ გახსნამდე სტუმრებისთვის საქართველოში ICT სექტორში არსებული მდგომარეობის და განვითარების თაობაზე პრეზენტაციებს საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამართავენ.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები