ნოემბერი 23, 2014 13:58

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014

 

2014 წლის 24 ნოემბერს 09:00 საათზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმს  ოფიციალურად გახსნის.

24-26 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014 ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო ფორუმს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის თემაზე. სიმპოზიუმს საქართველოს მთავრობა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობენ.

სამდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილება:

·         საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ანგარიშის - საინფორმაციო საზოგადოების შეფასება 2014 (Measuring the Information Society 2014) პრეზენტაცია

·         ICT სექტორის 2015 წლის შემდგომი განვითარების გეგმის და სამომავლო პრიორიტეტების პანელური განხილვა

·         მსჯელობა დიდი მოცულობის მონაცემების (Big Data) გამოყენების თაობაზე

·         დისკუსიები ICT-ის სტატისტიკური მონაცემების ხარისხზე, ღია მონაცემების პოლიტიკასა და ICT4D-ის (ICT for Development) შეფასების მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ

·         სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების (EGTI) და შინამეურნეობის ინდიკატორების (EGH) ექსპერტთა ჯგუფების  მუშაობის შედეგების განხილვა

თბილისში WTIS 2014-ს სიმპოზიუმზე დასასწრებად უკვე დარეგისტრირებულია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრები, კერძოდ კი მსოფლიოს მასშტაბით შესაბამისი დარგის მინისტრები, მარეგულირებელ ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები, სატელეკომუნიკაციო კომპანიების და ეროვნული სტატისტიკური სამსახურების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) თემაზე მომუშავე პირები და ტელეკომუნიკაციების ექსპერტები.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები