მარტი 28, 2014

მხატვრული ფილმების სუბტიტრირების ვალდებულება 10%-მდე შემცირდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლების მხრიდან არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების სუბტიტრირებით განთავსების პროცენტული მაჩვენებელი 10 %-მდე  2014 წლის 14 მარტს შეამცირა.

2014 წლის 27 მარტს კი  საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან კომისიაში აღნიშნულ ცვლილებაზე დადებითი დასკვნა მოვიდა.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიამ ყველა მაუწყებელს წერილობით მიმართა, რომ გაერკვია თავად მაუწყებლების და მათი მაყურებლის დამოკიდებულება საკითხისადმი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული კომისიის დადგენილების თანახმად, ყველა მაუწყებელი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი  და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმები საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს პირველადი წარმოების ენაზე საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. დადგენილების ძველი რედაქციით კი, ყველა ტელეკომპანია ვალდებული იყო ეთერში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმების 30%  სუბტიტრირებული ფორმით განეთავსებინა, დღეს განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი ეს ვალდებულება 10 %-მდე შემცირდა.

კომისიას, აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციციაციამ“ წერილობით მიმართა და ადგილობრივი (რეგიონალური) მაუწყებლებისთვის არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების სუბტიტრირებით განთავსების ვალდებულების საერთოდ გაუქმება ითხოვა. „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციციაციის“ ეს მოთხოვნა კომისიამ ვერ გაითვალისწინა, რადგან თვლის, რომ ეს მინიმუმი კანონიდან გამომდინარე აუცილებლად შესასრულებელია.

კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებაში დღეს შესული ცვლილებები ამოქმედდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები