მაისი 10, 2011

ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოეწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და პორტუგალიის რესპუბლიკის მარეგულირებელი ორგანოს (ICP) შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ლისაბონში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა და პორტუგალიის რესპუბლიკის კომუნიკაციების ეროვნული ორგანოს პრეზიდენტმა, ხოსე მანუელ ამადო და სილვამ  მოაწერეს. 

დოკუმენტის მიზანია მხარეებს შორის რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება. კომუნიკაციების დარგის სწრაფი განვითარების შესაბამისად, განისაზღვრება თანამშრომლობის შემდეგი სფეროები: მაღალხარისხიანი ეფექტური სატელეკომუნიკაციო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა; ერთობლივი პროექტების ფარგლებში ორმხრივი კონსულტაციების გამართვა კომუნიკაციების რეგულირების სფეროში; სპეციალისტებისა და ექსპერტების გაცვლა; თანამშრომლობა თანამედროვე კომუნიკაციების სექტორის განვითარების უზრუნველსაყოფად და ბოლოს, კომუნიკაციების დარგის რეგულირებასთან დაკავშირებული ერთობლივი სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები