ოქტომბერი 26, 2012

პასუხი დავით ზილფიმიანს

კომისია ეხმიანება 2012 წლის 23 ოქტომბერს შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ სამაუწყებლო ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ შპს „სტერეო +“-ს დირექტორის ბატონ დავით ზილფიმიანის მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს და აღვნიშნავთ შემდეგს:

1. ბატონმა დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ კომისია, ბატონი ირაკლი ჩიქოვანის  თავმჯდომარეობის დროს, დაკავებული იყო მხოლოდ სანქცირებებით, მაშინ როდესაც კომისიის ძირითადი ფუნქციაა დახმარების აღმოჩენა როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი სუბიექტებისთვის.

კომისია განმარტავს, რომ ბატონი დავითის ზემოაღნიშნული განცხადება ტენდენციურია, ვინაიდან კომისია ყოველწლიურად აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს, სადაც მოცემულია კომისიის საქმიანობის ყველა პროდუქტის შესახებ ინფორმაცია. კომისიის გადაწყვეტილებების მარტივი სტატისტიკური ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ კომისიას გაცილებით მეტი უფლებააღმჭურველი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ვიდრე სანქცირების. თავად სანქციის გამოყენება, კი ერთი მხრივ, ემსახურება დარგში მოქმედი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფას და მეორე მხრივ, ატარებს სამართალდარღვევის პრევენციის ფუნქციას.

ბატონი დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში აცხადებდა, რომ მისთვის პრობლემური გახდა კომისიასთან ურთიერთობა ირაკლი ჩიქოვანის თავმჯდომარეობის პერიოდში, რაც ვფიქრობთ, რომ ასევე ტენდენციური შეფასებაა. ბატონ დავით ზილფიმიანს არასდროს შექმნია პრობლემა კომისიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც ოფიციალური (კომისიის სხდომებზე დასწრება) ისე საქმიანი (კომისიის შესაბამის დეპარტამენტებთან საკონსულტაციო შეხვედრები) და მისი პირადი მოთხოვნით, კომისიის სრულ შემადგენლობასთან ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზების კუთხით.

2. გადაცემა „სპექტრში“ ბატონმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ ვინაიდან შპს „სტერეო+“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F13 ლიცენზიაში განსაზღვრული არ არის მომსახურების კონკრეტული ტიპი, მას არავითარი შეზღუდვა არ აქვს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით და შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა ამ ლიცენზიის ფარგლებში.   აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზია ითვალისწინებს 71.0. მჰც ±3 მჰც სიხშირული ზოლით სარგებლობის უფლებას მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მიერ მიღებული რადიოკავშირის რეგლამენტში (თავი I, კარი III - რადიოსამსახურები) განმარტებულია თუ რას მოიცავს რადიოკავშირის სამსახური (1.19), კერძოდ აღნიშნული სამსახური, განსაზღვრული მიზნით ელექტროკავშირის განხორციელებისთვის მოიცავს გადაცემას, რადიოტალღების გასხივებას და მიღებას; რადიოკავშირის რეგლამენტის 1.20 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული სამსახური წარმოადგენს ფიქსირებულ პუნქტებს შორის რადიოკავშირის სამსახურს, 1.24 პუნქტის თანახმად, მოძრავი (მობილური) სამსახური წარმოადგენს მოძრავ (მობილურ) და სახმელეთო ან მოძრავ (მობილურ) სადგურებს შორის რადიოკავშირის სამსახურს. კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, რადიოსიხშირული ზოლი 68მჰც - 74 მჰც განკუთვნილია სწორედ მოძრავი (მობილური) და ფიქსირებული სამსახურისთვის. რადიოკავშირის ამავე რეგლამენტით ცალკეა განსაზღვრული რადიოსამაუწყებლო სამსახური, კერძოდ, რეგლამენტის 1.38 პუნქტის შესაბამისად, რადიოსამაუწყებლო სამსახური განმარტებულია როგორც სამსახური, რომლის გადაცემები გათვალისწინებულია მოსახლეობის მიერ უშუალო მიღებისთვის. ამ სამსახურმა შეიძლება განახორციელოს ბგერის, სატელევიზიო ან სხვა სახის გადაცემები. ამგვარად, ერთი მხრივ, ფიქსირებული, მოძრავი და მეორე მხრივ, რადიოსამაუწყებლო სამსახურები, რადიორეგლამენტის განმარტებების მიხედვით მკაცრად გამიჯნულია ერთმანეთისგან. შესაბამისად, ბატონი დავით ზილფიმიანის განმარტება იმის თაობაზე, რომ „მოძრავი ან/და ფიქსირებული“ ყველა საერთაშორისო ნორმატივებით მოიცავს ნებისმიერი სახით და ტექნოლოგიით გამოსხივებას არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ვინაიდან   კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, რადიოსიხშირული ზოლი 68მჰც - 74 მჰც (რისი სარგებლობის უფლებასაც ითვალისიწნებს შპს „სტერეო+“-ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზია) განკუთვნილია მოძრავი (მობილური) და ფიქსირებული სამსახურისთვის და არა რადიოსამაუწყებლო სამსახურისთვის.

3. ბატონი დავით ზილფიმიანის განმარტებით, როცა შპს „სტერეო+“ შპს „მეცხრე არხისთვისთვის“ გაწეული მომსახურების ანალოგიურ მომსახურებას უწევდა შპს „ტელეკომპანია მზეს“, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, კომისიას არც რაიმე სახის პრეტენზია გამოუთქვამს და არც არანაირი რეაგირება  განუხორციელებია. ბატონ დავითს გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ შპს „ტელეკომპანია მზე“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეკომპანია საქართველო“ წარმოადგენენ სიხშირული სპექტრით გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს და მათი სამაუწყებლო სიგნალის მიღება, მათ მფლობელობაშივე არსებული საეთერო სიხშირეების გამოყენებით შესაძლებელია ბოლო მომხმარებლების მიერ, განსხვავებით შპს „მეცხრე არხისგან“, რომელიც ფლობს არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, არამედ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას. კომისიამ არაერთხელ განმარტა, რომ რომ შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო სიგნალის ტრანზიტული გავრცელება სიხშირული სპექტრის გამოყენებით შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დაცული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ, სამაუწყებლო არხის ტრანზიტის განხორციელება შესაძლებელია მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მეშვეობით; ამ შემთხვევაში, ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის დანიშნულება უნდა იყოს სწორედ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელება (რადიოსამაუწყებლო სამსახურ ITU-ს რადიორეგლამენტი, პუნქტი 1.38) და ამავე დროს, ავტორიზებული პირის მიერ უნდა ხორციელდებოდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიო არხის უცვლელი სახით (ტელე ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.

ამგვარად, ამ შემთხვევაში, ბატონი დავით ზილფიმიანის მიერ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც საკითხში გაუთვითცნობიერებული მაყურებლისთვის, კომისიას ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს. 

4. ბატონმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ კომისიამ „უკანონოდ“ მოახდინა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ლიცენზიის მოდიფიცირება, რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლობას მე-11 სატელევიზიო არხზე; კერძოდ, შეუცვალა სამაუწყებლო ზონა და ქ.რუსთავის ნაცვლად, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონად განუსაზღვრა ქ.თბილისი, ხოლო მე-11 სამაუწყებლო არხი შეუცვალა მე-12 არხით.

ბატონ დავითს გვინდა შევახსენოთ, რომ ქ.რუსთავში, მე-11 სატელევიზიო არხზე მაუწყებლობას შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ახორციელებდა საქართველოს ყოფილი კავშირგამბულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1994 წლის 24 ოქტომბერს გაცემული N44 ლიცენზიით, რომელიც გაცემული იყო 5 წლის ვადით და რომელსაც მოქმედების ვადა გაუვიდა 1999 წლის 24 ოქტომბერს. ამავე დროს, შპს ტელეკომპანია „რუსთავის 2“ ფლობდა, ასევე საქართველოს ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1999 წლის 7 აპრილს გაცემულ N908 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 19.03.2004), რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში.

შესაბამისად,  კომისიის შექმნის შემდეგ (კომისიამ საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო), როდესაც საქართველოს ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ კომისიისთვის გადმოცემული დოკუმენტაციის შედეგად, კომისიამ ხელახალხ რეგისტრაციაში გაატარა ლიცენზიის ყველა მფლობელი, მათ შორის შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და უზრუნველყო მათ მფლობელობაში არსებული ლიცენზიების შესაბამისობა იმ პერიოდისთვის მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის“ შესაბებ საქართველოს კანონთან, კომისიის 2001 წლის 30 მარტის 194/5 გადაწყვეტილებით ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მოქმედი N908 ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში. აღნიშნულ ლიცენზიას შპს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღესაც ფლობს, (კერძო მაუწყებლობის NB103 ლიცენზია) და იგი კვლავ ითვალისწინებს მაუწყებლობის განხორციელებას მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში.

შესაბამისად, სიცრუეა ბატონი დავით ზილფიმიანის ბრალდება, რომ კომისიამ „უკანონოდ“ მოახდინა შპს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს იმ ლიცენზიის (N44) მოდიფიცირება და გეოგრაფიული არეალის შეცვლა, რომელსაც შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ კომისიის შექმნის დღისათვის აღარ ფლობდა.

რაც შეეხება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მფლობელობაში არსებულ კერძო მაუწყებლობის NB9 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერო საერთო ტელემაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, 31 გადამცემის გამოყენებით, აღნიშნული ლიცენზია შპს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აიღო ღია კონკურსის წესით და აღნიშნული ფაქტის თაობაზე ცნობილია ბატონი დავითისთვის.

5. ბატონი დავით ზილფიმიანი გამოეხმაურა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ და შპს „TV 3”-ს (ყოფილი შპს „რეალტივი საქართველოს“) მფლობელობაში არსებული ლიცენზიების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ კომპანიებს სამაუწყებლო ლიცენზიები გადაეცათ ყოველგვარი კონკურსის გარეშე.

ბატონ დავითს გვსურს განვუმარტოთ, რომ შპს „TV 3” (ყოფილი შპს „რეალტივი საქართველო“) არ ფლობს საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომელიც გაიცემა ღია კონკურსის წესით. კომპანია ფლობს კერძო მაუწყებლობის NB88 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებდა საკაბელო ქსელის  და თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობას, ამჟამად კი მხოლოდ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით მაუწყებლობის განხორციელებას, რაც საკონკურსო წესით არ გაიცემა.

რაც შეეხება შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (ყოფილი “TV 33”, კომპანიამ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს „ტელეკომპანია საქართველო“) აღნიშნულმა კომპანიამ კერძო მაუწყებლობის NB99 ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებს საეთერო მაუწყებლობას ქ.ბათუმში და კერძო მაუწყებლობის NB91 ლიცენზია, და არის საეთერო ტელემაუწყებელი ქ. ქუთაისში, საჩხერეში, გორში და სენაკში, აიღო ღია კონკურსის საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება კერძო მაუწყებლობის NB21 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს კერძო საერთო ტელემაუწყებლობას ქ.თბილისში დეციმეტრული დიაპაზონის 33-ე არხზე 1 კვტ გადამცემის გამოყენებით, აღნიშნული ლიცენზია შპს „ტვ 33“-ს სახელზე გაცემული იყო საქართველოს ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ. ამდენად, ყალბია ბატონი დავით ზილფიმიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომისია უკონკურსოდ გასცემდა საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიებს.

6. ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით ბატონი დავით ზილფიმიანის მიერ გავრცელდა ასევე დაუსაბუთებელი ბრალდებები კომისიის თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი ჩიქოვანის მიერ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ ლობირებასთან დაკავშირებით. ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ კომპანია ერთი ლიცენზიით ახორციელებს 8 არხით მაუწყებლობას, რაც უკანონოა და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, კომისიამ არაერთხელ გააკეთა კომენტარი და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე (როდესაც გაუქმდა საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ლიცენზირების რეჟიმი და შემოღებულ იქნა ავტორიზაციის რეჟიმი), ფლობდა კერძო ტელემაუწყებლობის NB109 ლიცენზიას, რომლის სახეობა იყო სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა. 

კერძო მაუწყებლობის ის ლიცენზიის მფლობელები, რომლებიც მაუწყებლობას ახორციელებდნენ საკაბელო ქსელის ან/და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით, უფლებამოსილნი იყვნენ (თანამგზავრული მაუწყებლობის შემთხვევაში დღესაც უფლებამოსილნი არიან) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ლიცენზიის სახეობის ფარგლებში (იქნება ეს საერთო თუ სპეციალიზებული მაუწყებლობა), საკუთარი სახელითა და სარედაქციო პასუხისმებლობით შეექმნათ 24 საათიანი, უფრო მეტი მოცულობის სამაუწყებლო პროდუქცია (რამოდენიმე არხიანი), ვინაიდან აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის შექმნა და საკაბელო ქსელის ან/და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით გავრცელება არ არის დაკავშირებული ამოწურვადი რესურსით (სიხშირით) სარგებლობასთან და ამ რესურსის დაკავებასთან; განსხვავებული მდგომარეობაა სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის განხორციელების დროს, როდესაც სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მაუწყებლობა განახორციელოს მხოლოდ იმ სამაუწყებლო არხზე, რაც განსაზღვრულია მისი ლიცენზიით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ბუნებრივია ერთ კონკრეტულ სიხშირეზე მაუწყებლობის განხორციელებისას, დღე-ღამეში 24 საათზე მეტი მოცულობის სამაუწყებლო პროდუქციის განთავსება ვერ განხორციელდება  სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრული შესაბამისი სამაუწყებლო სიხშირით გასავრცელებლად.   

რაც შეეხება ბატონი დავით ზილფიმიანის განცხადებას, რომ საკაბელო ოპერატორებს კომისიის თავმჯდომარე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანთან მიჰქონდათ სხვადასხვა ოდენობის თანხები, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადება კომენტარსაც არ იმსახურებს.

7. ბატონმა დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ კომისია არაეფექტურად ახორციელებს თავის საქმიანობას და ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ როდესაც შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ შეექმნა პრობლემები საეთერო ხელშეშლებთან დაკავშირებით და მიმართა კომისიას, კომისიამ რამოდენიმე თვის განმავლობაში უპასუხოდ დატოვა შპს „ტელეკომპნია კავკასიის“ წერილი და მასზე არ მოახდინა რეაგირება.

გვინდა განვმარტოთ რომ ბატონ დავით ზილფიმიანს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს არასწორ და მცდარ ინფორმაციას, ვინაიდნა შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ საეთერო ხელშეშლების თაობაზე კომისიაში განცხადება შემოიტანა მხოლოდ ერთხელ 2008 წლის 11 ნოემბერს, რასთან დაკავშირებითაც, კომისიის აპარატის რადიომონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა, რომ ხელშეშლების წყაროს წარმოადგენდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რადიოკავშირის რეტრანსლიატორი, რომელიც გამოსული იყო მწყობრიდან და მუდმივად ასხივებდა გადამტან სიხშირეს არათანაბრად ცვლადი სიხშირით. კომისიის მოთხოვნისთანავე საელჩოს წარმომადგენლებმა მწყობრში მოიყვანეს რადიოაპარატურა და რადიოხელშეშლებიც შეწყდა. აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობა შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ (23.12.2008 N06/3067-08).

ამავე დროს, როდესაც შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ განცხადებით მიმართა კომისიას მის მფლობელობაში არსებული კერძო საერთო მაუწყებლობის NB23 ლიცენზიის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ კომპანიას შესაძლებლობა ჰქონოდა ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაევრცელებინა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყო ლიცენზიის მოდიფიცირება და გადაწყვეტილება ნაცვლად იმისა, რომ  ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში მიეღო, ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღო;

8. ბატონმა დავითმა ასევე პრეტენზიები გამოთქვა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და მარეგულირებელი დაადანაშაულა უმოქმედობაში.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრეროგატივას და მარეგულირებელი არ არის უფლებამოსილი განსაზღვროს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკა.  მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე კომისიამ 2012 წლის 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა, რომლის განხილვაც მოხდა საჯარო სხდომაზე და აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობას ბატონი დავითიც იღებდა, რომელმაც დადებითად შეაფასა კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოები, თუმცა აღნიშნული საჯარო განხილვა გაიმართა ბატონი დავით ზილფიმიანის მიერ შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ ეთერში გაკეთებული განცხადებებიდან მეორე დღეს.

კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბატონ დავით ზილფიმიანს, რომ თავი შეიკავოს არასწორი, ყალბი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისგან.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები