ივნისი 05, 2013

პოლონეთის მარეგულირებელი ოფისის დელეგაცია საქართველოს ეწვია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) დელეგაციას მასპინძლობს. 5-7 ივნისის ოფიციალური ვიზიტი  საქართველო-პოლონეთის მარეგულირებელ ორგანოებს შორის დადებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაიმართება. მხარეები ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების ზედამხედველობის პროცესის შესახებ ისაუბრებენ. ასევე, ევროკავშირის მიერ ტელესაკომუნიკაციო სფეროში პროეტების დაფინანსების მეთოდოლოგიასაც განიხილავენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე პოლონური მხარე ქართველ კოლეგებს ელექტრომაგნიტური თავსებადობის სატესტო ლაბორატორიის აგების გამოცდილებას გაუზიარებას და რადიო და სატელეკომუნიკაციო დანადგარების შესახებ ევრო დირექტივაში (RTTE) განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრებენ, რადგან პოლონეთის მარეგულირებელი ორგანო უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში.

ქვეყნებს შორის 2013 წლის თანამშრომლობის გეგმა პოლონეთში დამტკიცდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კარლო კვიტაიშვილი ოფიციალური ვიზიტით 26-29 მაისს იმყოფებოდა ვარშავაში, სადაც პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტი,  მაგდალენა გაი მასპინძლობდა. შეხვედრებზე დამტკიცდა, რომ 2013 წლის ბოლომდე მარეგულირებელი ორგანოები კვლავ იმსჯელებენ ანალოგური მაუწყებლობიდან  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასა და „მაპინგზე“ (ქვეყნის ინტერნეტ დაფარვის არეალის გაფართოვება). ამ საკითხებს ასევე, დაემატება ოპერატორებს შორის და ოპერატორებსა და მომხმარებლებს შორის დავების გადაწყვეტის მხრივ გამოცდილების გაზიარება, ევროკავშირის მიერ სხვადასხვა პროექტების დაფინანსების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება, RTTE (რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები) დირექტივაში ცვილებებისა და შესწორებების შეტანა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ბაზრის ზედამხედველობის კუთხით, ასევე, პოლონეთის მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომისიის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, გაგრძელდება კონსულტაციები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებითაც.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს (UKE) შორის ორმხრივი თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები