დეკემბერი 15, 2011

პოლონეთის მარეგულირებელი ოფისის დელეგაცია საქართველოშია

 

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის დელეგაცია ეწვია. შემაჯამებელი ვიზიტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში პოლონეთის დელეგაცია საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებოდა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები კი სამუშაო და საინფორმაციო ვიზიტებით პოლონეთში რამდენჯერმე გაემგზავრნენ. საქართველოს დელეგაცია პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში კოლეგების მუშაობის სისტემას გაეცნენ და გამოცდილება გაიზიარეს.

პროექტი სრულად დააფინანსა პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისმა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის გენერალურმა დირექტორმა, მარიუს ჩიჟაკმა განაცხადეს სამომავლო თანამშრომლობის დიდ სურვილზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეირჩევა გარკვეული საკითხები, რომლებსაც უკვე 2012 წელს, კომისიის აპარატის თანამშრომლები უფრო სიღრმისეულად და დეტალურად გაეცნობიან.

სტუმრებმა განაცხადეს, რომ 2012 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იმართება პოლონეთში და უამრავ ტურისტს ელოდება ქვეყანა. პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი გეგმავს რადიოსიხშირული რესურსის მონიტორინგის ჩატარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარიუს ჩიჟაკმა ქართველ კოლეგებს შესთავაზა მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და დახმარება, რაც უდავოდ ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები