ივლისი 07, 2011

პორტირების მომსახურებით 60 700 აბონენტმა ისარგებლა

 

სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 60 700 აბონენტმა ისარგებლა. აქედან 55 000 აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ჯეოსელი“ ლიდერობს და 2011 წლის 7 ივლისის მდგომარეობით „ჯეოსელიდან“ სხვა მობილურ ქსელში 16 300 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“კონკურენტი კომპანიებიდან 27 700 აბონენტი გადმოპორტირდა.

მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ბილაინი“, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 9 700 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 11 300 აბონენტი შეიძინა.

და ბოლოს, კომპანია „მაგთიკომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 15 800 აბონენტი გადავიდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 28 800 აბონენტი წავიდა.

პორტირებული აბონენტების სტატისტიკის თანახმად, „ჯეოსელმა“ 11 400 აბონეტით გაზარდა საკუთარი მომხმარებელის რაოდენობა, „ბილაინმა“ კი 1 600 აბონენტი შეიძინა და ბოლოს, კომპანია „მაგთიკომი“, რომელიც ჯერ–ჯერობით წამგებიან მდგომარეობაში იმყოფება და პორტირების მომსახურების დანერგვის დღიდან 13 000 აბონენტი დაკარგა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების საკეთილდღეოდ კეთდება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები