აგვისტო 02, 2011

პორტირების მომსახურებით 68 ათასმა აბონენტმა ისარგებლა

 

სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 68 000 აბონენტმა ისარგებლა. აქედან 62 000 აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ჯეოსელი“ ლიდერობს და 2011 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით „ჯეოსელიდან“ სხვა მობილურ ქსელში 18 200 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“კონკურენტი კომპანიებიდან 30 500 აბონენტი გადაპორტირდა.

მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ბილაინი“, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 11 700 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 13 900 აბონენტი შეიძინა.

და ბოლოს, კომპანია „მაგთიკომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 18 300 აბონენტი გადავიდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 31 800 აბონენტი წავიდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები