სექტემბერი 12, 2011

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება

 

სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 76 700 აბონენტმა ისარგებლა. აქედან თითქმის 70 ათასი აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ჯეოსელი“ ლიდერობს და 2011 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით „ჯეოსელიდან“ სხვა მობილურ ქსელში 21 600 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“კონკურენტი კომპანიებიდან 32 700 აბონენტი გადაპორტირდა.

მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ბილაინი“, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 13 200 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 15 100 აბონენტი შეიძინა.

და ბოლოს, კომპანია „მაგთიკომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 21 700 აბონენტი გადავიდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 34 700 აბონენტი წავიდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები