ოქტომბერი 28, 2011

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სააბონენტო ნომრების პორტირების  ბოლო 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 90 328 აბონენტმა ისარგებლა. აქედან თითქმის 81 ათასი აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ჯეოსელი“ ლიდერობს და 2011 წლის 28 ოქტომბრის მონაცემებით „ჯეოსელიდან“ სხვა მობილურ ქსელში 28 099 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“ კონკურენტი კომპანიებიდან 43 124  აბონენტი გადაპორტირდა.

მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ბილაინი“, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 17 303 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 17 262 აბონენტი შეიძინა.

და ბოლოს, კომპანია „მაგთიკომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 29 942 აბონენტი გადავიდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 44 926 აბონენტი წავიდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეძენილი და დაკარგული აბონენტების შედარების დროს მოგებულ მდგომარეობაში  მხოლოდ ერთი კომპანია, „ჯეოსელია“. დანარჩენი ორი კომპანიის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, „მაგთიკომმა“ და „ბილაინმა“ უფრო მეტი აბონენტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები