მარტი 28, 2014

პრეზენტაცია ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   ორგანიზებით, 2014 წლის 31 მარტს, 10:00 საათზე სასტუმროში - „ქორთიარდ მარიოტში“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას ადგილობრივ დონეზე ყველა დაინტერესებული პირი, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, მაუწყებლები და საერთაშორისო დონეზე პოტენციური ინვესტორები დაესწრებიან.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში  სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სპეციფიკაციის, ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის მქონე  (470-694 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში), ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების (შემდგომში მულტიპლექს პლატფორმა)  ფორმირებისათვის საჭირო სიხშირული რესურსის დაგეგმარება განხორციელდა. ასევე, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე დაყრდნობით,   ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსების“ დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი შემუშავდა. ამავე დროს, ციფრული სამაუწყებლო ქსელების „ოპერირების წესები“ ჩამოყალიბდა და კონკურსის  მონაწილეების მხარდასაჭერად, შემუშავდა დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ეროვნული (არანაკლებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალოგური საეთერო ქსელის)  დაფარვის მქონე ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის  სავარაუდო დაგეგმარებას,   ხარჯების გაანგარიშების სავარაუდო მოდელს და ქსელისა და მომსახურების  ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტების დახმარებით მოხდა კონკურსზე გამოსატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების საწყისი საფასურის დადგენა და კონკურსში მონაწილე პირების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება.

მოგეხსენებათ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2014 წლის 31 მარტს 16:00 საათზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურს გამოაცხადებს.  კონკურსზე კომისია ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის  ფორმირებისათვის საჭირო სიხშირული რესურს გამოიტანს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები