წვდომის მენიუ

აგვისტო 31, 2017 19:09

ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიმაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამარათულ საკონკურსო სხდომაზე ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. კონკურსში ორი კომპანია შპს „რადიოცენტრი პლუსი“ (ბრენდული სახელწოდება „რადიო პალიტრა“) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ (ბრენდული სახელწოდება „რადიო ჰერეთი“) მონაწილეობდა.

საკონკურსო პირობის თანახმად, ორივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები სრულ შესაბამისობაში იყო მოქმდედ კანონმდებლობასთან. „რადიო პალიტრის“ შემთხვევაში, კომპანია სამაუწყებლო ქსელის გაფართოებას გეგმავდა და ქ. ბათუმის მსმენელს არსებულ რადიო პროგრამებს შესთავაზებდა. რაც შეეხება „რადიო ჰერეთს“, კომპანია ადგილობრივი კონტენტის შექმნას გეგმავდა მორგებულს ქალაქ ბათუმის მსმენელზე.

კომისიამ ორივე კონკურსანტის დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მიიჩნია რომ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები საინტერესოა, სრულად შეესაბამება საკონკურსო მოთხოვნებს და კომისიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად დადგენილ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობა ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსი ჩაიშალა.

კომისიას მიაჩნია, რომ მისასალმებელია როგორც არსებული რადიოების სურვილი გააფართოვონ ქსელი და საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილისთვის გახდნენ ხელმისაწვდომი, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და შესაბამისად, რეგიონული მაუწყებლობის გაძლიერება. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ორი ახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ შემდეგი დამატებითი პირობით, რომ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის  ერთი ლიცენზიის კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება მხოლოდ უკვე არსებულ რადიომაუწყებელს, რომელსაც სამაუწყებლო ქსელის გაფართოება სურს, ხოლო მეორე კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ადგილობრივი რადიომაუწყებლობის შექმნის მსურველს ექნება.

 ლიცენზიის მაძიებლების განაცხადების მიღება ორივე კონკურსზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 2 ოქტომბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსების მოსამზადებელი სხდომები, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება ამავე წლის 5 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა 2 ნოემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი სამაუწყებლო კონცეფციებთან დაკავშირებით დასკვნებს გამოაქვეყნებს. საკონკურსო სხდომა კი, სადაც კომისია გამარჯვებულებს გამოავლენს 9 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემადაც იყო გამოცხადებული კონკურსი. ამ შემთხვევაში, გამარჯვებულად შპს „მედ ეფ ემმი“  გამოცხადდა. კომპანია პრაქტიკულ საქმიანობას ერთი წლის ვადაში დაიწყებს და დღე-ღამეში მინიმუმ 18 საათი იმაუწყებლოს.

კომისიის ყველა გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები