მაისი 02, 2013

რადიო „მაესტრომ“ ლიცენზია ვერ მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ქართულ რადიოს“, იგივე რადიო „მაესტროს“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარი ეთქვა.

შეგახსენებთ, რადიო „მაესტრო“, 2013 წლის 25 თებერვალს, დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამართულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა. კომპანიას კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაეხადა სალიცენზიო გადასახადის 20% (344.25 ლარი). თუმცა, შპს „ქართულ რადიოს“ კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში სალიცენზიო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

კომისიამ დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ 2013 წლის 25 თებერვლის,  N117/10 გადაწყვეტილება  შპს „ქართულ რადიოს“ ოფიციალურად გაუგზავნა. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად აღნიშნული  საფოსტო გზავნილი შპს „ქართულ რადიოს“ 2013 წლის 20 მარტს ჩაბარდა.

კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ სალიცენზიო გადასახადის 20%-ის, გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში,  გადაუხდელობის გამო ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე კანონის თანახმად, შპს „ქართულ რადიოს“ ორი წლის ვადით  ეზღუდება სამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის უფლება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები